შალვა პაპუაშვილი: თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი – აბსურდს ამტკიცებენ

თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი – აბსურდს ამტკიცებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პარლამენტს შეკრების უფლება საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის პარალელურად.

„რა თქმა უნდა, ჰქონდა, ვინაიდან დეპუტატების მანდატები არ არის გასაჩივრებული, გასაჩივრებული გახლავთ ნორმა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა არჩევნები და ეს არის აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი პრეტენზია და სარჩელი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ დათქმასთან, რომელიც გვქონდა.

მარტივად შევხედოთ საკითხს, თუკი მართალია ეს თეზისი, რომელსაც ოპონენტები ასახელებენ, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, წაგებული მხარე გაასაჩივრებს ნებისმიერ ნორმას საარჩევნო კოდექსიდან საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ ნორმა გასაჩივრებულია, მაშინ მათი ლოგიკით არ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი. 30 დღეა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს სარჩელი, შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 30 დღე…

თუკი ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი. ანუ, აბსოლუტურად სისულელე სარჩელი რომ დაწეროს, 5 წინადადებას ფორმა მისცეს გარკვეული, შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი. თან, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლოს, ანუ ახლად არჩეული პარლამენტი საჭიროა, მათ შორის, ბიუჯეტის მისაღებად. ანუ ყოველი არჩევნების შემდეგ წაგებული მხარე იტყვის – წავაგე, ახლა გაგაჩერებთ სამი თვე, ვერც ბიუჯეტს მიიღებთ, ვერც ხელფასებს გადაიხდით, ვერც ვერაფერი. [ვცდილობ] მარტივად ავხსნა, რომ უბრალოდ, მიხვდნენ ადამიანები, რამდენად აბსურდს ამტკიცებენ ისინი, ვინც ამას ამტკიცებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები