ომბუდსმენის აპარატი: დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა
სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისეკო დევიძე მოინახულა დაკავების დღესვე და ასევე შიმშილობის დაწყების შემდეგაც.
„სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც არის დეზინფორმაცია!
აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.