ოთარ შამუგიამ ბაქოში, ქართულ პავილიონში, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ლიხტენშტაინის, მექსიკისა და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს უმასპინძლა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის (EIG) წევრ მინისტრებს (შვეიცარია, საქართველო, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ლიხტენშტაინი, მონაკო) ქართულ პავილიონში შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს შვეიცარია თავმჯდომარეობს.
როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. საერთაშორისო არენაზე ერთიანი პოზიციის გაჟღერება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს აქვს შესაძლებლობები, საერთო ტრიბუნიდან წარმოადგინოს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების პოზიციები.
„ჩემთვის, როგორც კლიმატის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის საკვანძო საკითხები გაზიარებული იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის; შეჯერებული ერთიანი პოზიცია წარმოდგენილი იყოს გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე მინისტრებმა გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) პრიორიტეტებზე იმსჯელეს და გამოხატეს სურვილი კონფერენციის შედეგები იყოს ხელშესახები, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისთვის.