ლევან ნიკოლეიშვილი: სწორედ ასეთი ევროპა გვინდა ჩვენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალობას ხედავენ საქართველოში და არა ბორელი და ფონ დერ ლაიენი, რომლებიც ათას კორუფციულ სქემაში არიან უკვე მხილებულები

“ის მოსაზრება, რომ მზადდება საქართველოს იზოლაცია არის კიდევ ერთი ფარსი, რადგან ევროპამ ძალიან კარგად გამოიღვიძა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა მალე სულ სხვანაირი იქნება.

„სწორედ ასეთი ევროპა გვინდა ჩვენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალობას ხედავენ საქართველოში და არა ბორელი და ფონ დერ ლაიენი, რომლებიც ათას კორუფციულ სქემაში არიან უკვე მხილებულები. ოპოზიციის ხავსზე მოჭიდება არაფრის მომცემი არ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამდენი რეზოლუცია მიიღეს და რამდენად სამარცხვინოდ გამოიყურებოდა ეს რეზოლუცია საქართველოს მოსახლეობის თვალში.

მათგან ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენი მოსახლეობა უფრო კარგად გამოაღვიძა იმისთვის, რომ შეეხედათ რა არის სინამდვილე და ვის მიჰყავს ქვეყანა მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარებისკენ და ვინ შეიძლება უბიძგოს უფსკრულისკენ, რომელსაც ჰქვია ომი. ამ ომში გვითრევდნენ ჩვენ რეალურად და ვნახეთ ამის თაობაზე არაერთი რეზოლუცია. დღეს რომ თვალებს ხუჭავენ და ვითომ არაფერ შუაში არ იყვნენ.ჩვენ ხომ ვნახეთ, სწორედ ასეთმა ყალბმა დამოკიდებულებამ რა შედეგი მოიტანა აშშ-ის არჩევანში.

ვხედავთ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს რა გეგმები აქვს, თუნდაც ომთან დაკავშირებით. ის აპირებს, რომ ომი შეწყდეს უკრაინაში და მშვიდობა დამყარდეს. განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი. ეს საპირისპიროა იმისა, რასაც ჩვენ გვთავაზობდნენ, რომ ლგბტ პროპაგანდა ყოფილა თურმე აუცილებელი.

ჩვენ ასევე ვნახეთ ტრამპის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის ძალიან მკაცრად შეხედავს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დახარჯულ ფინანსებს. სად მიდის ეს ფული, რას ხმარდება, ვინ ფინანსდება, რატომ ფინანსდება და როგორ ხდება ეს საკითხები, ყოველივე იმ დროს, როდესაც ყველა ქვეყანას თავისი პირადი ეროვნული ინტერესები გააჩნია.

ეს ე.წ. მანიპულაცია ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩვენ დასავლეთი მხარს გვიჭერს, ნელ-ნელა ქრება და იფერფლება. ჩვენ ასევე ვხედავთ გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობას, რომლებიც ჩვენ რაღაცებს მოგვიწოდებენ და თავიანთ ქვეყანაში აქვთ პრობლემები. მაგალითად გერმანიას დაეშალა სამთავრობო კოალიცია და ვადამდელი არჩევნებისკენ მიდიან. ისინი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებენ და მხარს უჭერენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინა და მოლდოვაა, სადაც პოლიტიკური პარტიები დიდი ხანია აიკრძალა.

ამ ულტიმატუმებს სჯობს თავიანთ პოლიტიკურ სივრცეს მიხედონ, ვინაიდან მათმა არასწორმა პოლიტიკამ შექმნა ის გარემო გერმანიაში, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისია და ვადამდელი არჩევნები ინიშნება.

ევროპა მალე სულ სხვანაირი იქნება და სულ სხვანაირად შეხედავს იმ რეალურ ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოგვწონდა ევროპა და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც იქცევა ისე, როგორიც არის ხალხის შეკვეთა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა, ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ქრისტიანული მრწამსი და ვიქცევით ამის მიხედვით. საქართველოში განსხვავებულ აზრს არავინ არ ებრძვის, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია და ის ჩვენს ქვეყანაში ვერასოდეს ვერ განხორციელდება“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები