დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წელი გავიდა
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184-ე წლისთავი აღინიშნება და დიდი ქართველის სახელის უკვდავსაყოფად ვარიანში, ტრადიციულად, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სახალხო დღესასწაულ ,,იაკობობას” მასპინძლობს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს იაკობ გოგებაშვილის უდიდეს ეროვნულ ღვაწლს და მის უკვდავ სახელს.
იაკობ გოგებაშვილი არის ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, ქართული საბავშვო ლიტერატურის მესაძირკვლე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, სახალხო სკოლების დაფუძნების თაოსანი.
მან დაგვიტოვა საბავშვო მოთხრობები და უმდიდრესი პუბლიცისტიკა, რომელიც ტომეულებს ავსებს. მისი მამულიშვილური ღვაწლი, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი საქმეებითაც არ ამოიწურება. ქართული ენის გადარჩენა და ეროვნული განათლების განვითარება დიდწილად განსაზღვრა მის მიერ შექმნილმა სასკოლო სახელმძღვანელოებმა. ესენია: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, „ბუნების კარი“ და დიდი ერისკაცის ცხოვრებისა და შემოქმედების გვირგვინი – „დედა ენა“, წიგნი, რომელმაც საანბანე სახელმძღვანელოების მსოფლიო გამოფენაზე პირველი ადგილი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ანბანის სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული.