საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, განხორციელდა შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგ-კონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.

„ჰონგ-კონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიაკომპანიების მხრიდან ახალი მიმართულების მიმართ დაინტერესება გაიზრდება.“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები