დავით ფაცაცია რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია რუსთავში, მარტვილში, ბათუმსა და ქობულეთში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებებით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე, ქვეყნის მდგრადობისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის საჭირო ქმედებებზე.

დავით ფაცაციამ დევნილებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სწორ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების პროცესები წინ მიიწევს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებული პირებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათთვის საჭირო სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„ჩვენ აფხაზეთელებთან შეხვედრების შედეგად და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით, ბევრი საჭიროების მოგვარება უკვე შევძელით და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების მზაობით და აქტიური ჩართულობით, უახლოეს მომავალში ყველა კრიტიკული საკითხის გადაწყვეტასაც შევძლებთ.

დღეს, როცა ვძლიერდებით და ბევრი მტერი გვყავს, არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი განადგურების უფლება. წინ დიდგორის ბრძოლა გველოდება და უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არა იარაღით, არამედ მშვიდობით და ერთად დგომით”, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრებს ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები