საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო სეიშელის მხრიდან კი, ტრანსპორტის მინისტრმა ენტონი დერჟაკმა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მალაიზიაში ირაკლი ასაშვილი დაესწრო.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და სეიშელს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის 2014 წელს დაიწყო, გასულ წელს კი საუდის არაბეთში გამართული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში, მხარეთა მიერ გაიმართა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამასთან, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.

ICAN2024 მალაიზიაში 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები