სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი – კოკა კაციტაძე ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
უწყების ინფორმაციით, სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურსს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობაა.
“წელს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსში განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, რომელიც სამართალსა და ზოგადი უნარებში გამოცდებს, ასევე გასაუბრებას მოიცავდა, კომისიის მიერ 4 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.
გამარჯვებული კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლიან. ამის შემდეგ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის უფლებამოსილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 1 წლის განმავლობაში იმუშავებენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი გამომძიებლებად დაინიშნებიან”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.