მიხეილ სარჯველაძემ, მუხრანში, სოფლის ახალი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა დაათვალიერა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე განთავსებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებენ. ამბულატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.

სამედიცინო ცენტრში, მოსახლეობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს, კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ.

შენობაში ინტეგრირებულია ტელემედიცინის აპარატიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დერმატოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების დისტანციურად ჩატარება. ის ხელს უწყობს სკრინინგისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას. ასევე, ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ჯანდაცვაზე.

ამბულატორია მუხრანსა და ქანდას 7000-მდე მაცხოვრებელს მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი, მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. ასევე – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, დღეს 1004 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები