გიორგი ცუცქირიძე: ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, ვნახეთ, რომ 48 მილიონზე მეტი ბაზარმა არ გაიწოვა, ესეც ნიშნავს, რომ ზედმეტი უარყოფითი ფონი ჯერ არ არის

“ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ  დოლარი გამოიტანა. ჩვენ ვნახეთ, რომ 48 მილიონზე მეტი ბაზარმა არ გაიწოვა. ესეც ნიშნავს, რომ ზედმეტი უარყოფითი ფონი ჯერ არ არის. რა თქმა უნდა, არის გარკვეული არასასურველი განწყობის ნაწილი, მაგრამ ეს აჟიოტაჟში ასახული არაა”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ლარის კურსთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

“რას უნდა ველოდოთ სავალუტო კურსთან დაკავშირებით: მოგეხსენებათ, სავალუტო კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებზე პირდაპირაა დამოკიდებული, მაგალითად, საგადამხდელო ბალანსზე, წმინდა ექსპორტის მაჩვენებელზე, ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ყველა ეს ფაქტორი პოზიტიური გვაქვს,  გინდა, ინვესტიციები ავიღოთ, გინდა ექსპორტის მაჩვენებელი, გინდა ფულადი გზავნილები. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბაზარი მიმზიდველობას და სტაბილურობას ინარჩუნებს.  როდესაც ორი კვარტლის მონაცემი გამოქვეყნდა, ვხედავთ, რომ გაზრდილია ინვესტიციები, რეინვესტირება. ინვესტიციები გაზრდილია კაპიტალში. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელიწადია, ინვესტორები  ნაკლებად ფრთხილობდნენ და ფული არ გააქვთ ეკონომიკიდან, საბრუნავ კაპიტალს ტოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ინვესტორები პოზიტიურ განწყობას ელოდებიან,  ნეგატიურ მოლოდინებს კი ნაკლებად.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რომელიც კურსზე ზემოქმედებს, ეს მოლოდინებია. მოგეხსენებათ, ნეგატიური მოლოდინები კურსზე მოქმედებს, რადგან ქმნის გაურკვევლობას, რაც ლარზე დაწოლას წარმოქმნის.

არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტია დარჩენილი. თუ შევხედავთ, როგორია საინფორმაციო ველი წინასაარჩევნოდ, არ არის რაღაც ზედმეტად დაძაბული. თუმცა, ის ინფორმაცია, რაც გადის, ვგულისხმობ ოპოზიციის მხრიდან ისეთი ინფორმაციის ტირაჟირებას, რაც დაკავშირებულია მომავალ არჩევნებთან, რომ ოპოზიცია წინასწარ გამარჯვებულია, ტექნიკური მთავრობის შექმნასთან – ეს, რა თქმა უნდა,  ცოტა ქმნის  ნეგატიურ მოლოდინებს, რადგან ე.წ. რევოლუციურ ფაქტორს წარმოქმნის. იგივე სხვადასხვა უცხოელი აქტორების განცხადებები არჩევნებზე, ვგულისხმობ ელჩების განცხადებების ნაწილს, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადებების ნაწილს. ეს ბუნებრივია, სიტუაციას ძაბავს. სასურველია, ასეთი განცხადებები ნაკლები იყოს. რაც უფრო სიმშვიდე იქნება, მით უკეთესი, რადგან ეს მოლოდინი არა მხოლოდ ბიზნესისთვის, მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ ნეგატიურ განწყობას ქმნის. ადამიანებმა, შეიძლება, ანაბრები, რომლებიც ლარშია, უცხოურ დოლარში გადაიყვანონ. შეიძლება,  ბიზნესმა იგივე გააკეთოს, სალარე ანგარიში სავალუტო ანგარიშში გადაიყვანოს. ეს ლარის კურსზე, ბუნებრივია,  ზეგავლენას მოახდენს. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა რესურსი, რომ ამ ტიპის აჟიოტაჟები ჩააცხროს. აჟიოტაჟში ვგულისხმობ თუნდაც ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების სავალუტო კურსზე ზეგავლენას. ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა 60 მილიონი რამდენიმე  დღის წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ 48 მილიონზე მეტი ბაზარმა არ გაიწოვა. ესეც ნიშნავს, რომ  ზედმეტი უარყოფითი ფონი ჯერ არ არის. რა თქმა უნდა,  არის გარკვეული არასასურველი განწყობის ნაწილი, მაგრამ ეს აჟიოტაჟში ასახული არაა”- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის გარკვეული რყევა, შეიძლება, იყოს, მაგრამ მას  ეკონომიკაზე სერიოზული ზეგავლენის ხასიათი არ ექნება.

“უნდა ველოდოთ, თუ არა უარეს სცენარს? ყველაზე უარესი სცენარი რაც შეიძლება დადგეს, ეს პროცესების რადიკალიზაციაა. ვგულისხმობ თუნდაც იმ პროცესებს, რაც გასულ წლებში იყო, როდესაც პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადადის, დუღილის ტემპერატურა იზრდება, პროტესტი, ბუნებრივია, ნეგატიურ მოლოდინს ქმნის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უფრო რადიკალური სცენარი აქ არ მოხდება, ეს არ გამოვა. ამ 30 წლის მანძილზე საკმაო გამოცდილებაა, რომ ქვეყანა ახალი სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში არ გადაჩეხონ. ალბათ, პროტესტი იქნება, რადგან ოპოზიცია უკვე აცხადებს,  რომ არ შეეგუება არჩევნების შედეგს, თუ ვერ მოიგებს. ესეც რადიკალური განცხადებაა. ალბათ, დამარცხების შემთხვევაში გარკვეული პროტესტი იქნება.

რომ შევაჯამოთ, ერთი მხრივ, მაკრო ფაქტორები, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია, მესამე მხრივ, ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ეროვნულ ბანკს ვგულისხმობ, რადიკალური სცენარი და ნეგატიური ფონიც რომ იყოს, რაც ნეგატიურ განწყობაში აისახება, ეს მაინც დარეგულირდება. გარკვეული რყევა შეიძლება იყოს, მაგრამ მას  ეკონომიკაზე სერიოზული ზეგავლენის ხასიათი არ ექნება. ზეგავლენაში ვგულისხმობ, როდესაც ბაზარზე რყევა იწყება და  მის შესაჩერებლად საერთაშორისო რეზერვებიც კი უძლურია. ეს სცენარი უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ თეორიულად მსჯელობა შესაძლოა, ყველაფერი კარგად იქნება. კურსი ამ წუთში იმ მდგომარეობაშია, სადაც უნდა იყოს. კიდევ ერთი ინდიკატორი უნდა ვთქვა – ვნახეთ, რომ კურსი მთელ წელს სტაბილური იყო. იმაზე უფრო სტაბილური იყო, ვიდრე პროგნოზი. ზაფხულში კურსი 2,70-ის ქვემოთაც იყო” – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარია.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის 8 ოქტომბერს  გამართულ საქართველოს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მილიონი აშშ დოლარიდან აუქციონზე 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

“სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობისა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად მიმართავს სავალუტო ინტერვენციებს.

ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე განვმარტავთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია – ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები