ლევან დავითაშვილი: ბოლო წლებში გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მოვიზიდეთ 5 მილიარდი დოლარი

ბოლო წლებში გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მოვიზიდეთ 5 მილიარდი დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორებს პროგნოზირებად და სტაბილურ გარემოს სთავაზობენ, რაც ქვეყნის მიმართ ინტერესს აღრმავებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე პოლიტიკა იძლევა საშუალებას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას.

„ბუნებრივია, ნებისმიერი ნეგატივი მოქმედებს ეკონომიკურ პროცესებზე, თუმცა ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ბიზნეს სამყაროს ვაჩვენეთ, რომ ვართ საიმედო პარტნიორები, ჩვენი პოლიტიკა არის რაციონალური, აქ არის პროგნოზირებადი გარემო და სტაბილური, ბოლო წლებში გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოვიზიდეთ 5 მილიარდი დოლარი, მათ შორის, პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. ეს იყო დივერსიფიცირებული ძალიან ბევრი ქვეყნიდან, ასევე დივერსიფიცირებული დარგების მიმართულებით, მიემართა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 9 მილიარდამდე დოლარის მოზიდვას. ეს და სხვა ყველაფერი, რაც პროგრამაში იყო ჩაწერილი, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მართლაც შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები