„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში 370-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდნენ. გადამზადებულ პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელო – „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცათ, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე 6400-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული, მათ შორის 370-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთიდან.

პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

მასწავლებლებთან შეხვედრას ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები