საკრებულოში სპორტული პროგრამა „სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში სპორტული პროგრამა „სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია და „თბილისის სასკოლო ლიგის“ 2023-2024 წწ. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო.
„საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა და „სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, „სასკოლო ლიგის“ პროექტს გამორჩეული უწოდა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
„სასკოლო ლიგა“ 2019 წლიდან თბილისის საკრებულოს ინიციატივით დაარსდა. ეს გამორჩეული პროექტია, რომელიც დღეს თავისი განვითარების ახალ ეტაპზეა. ახალ სტრატეგიაში გაწერილია უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც მომავალი წლების განმავლობაში უნდა გადაწყდეს. იმედი მაქვს, ის ამბიციური გეგმები, რომლებიც „სასკოლო ლიგის“ გუნდს აქვს, წარმატებით იქნება განხორციელებული“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, პროექტის ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირაჯიბი.
პრეზენტაციაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა სპორტსმენები „სასკოლო ლიგაში“ აქტიური ჩართულობისთვის და მის განვითარებაში აქტიურად ჩართულობისთვის დიპლომებითა და მადლობის სიგელებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
სიგელები გადაეცათ ასევე საუკეთესო მოთამაშისა და სპორტის საუკეთესო მასწავლებლის ნომინაციაში გამარჯვებულებს.
სასკოლო ლიგის განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი 2023 წელს შეიქმნა. სტრატეგია, რომლის მიხედვით, სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ერთი ელექტრონული პლატფორმის ქვეშ გაერთიანებულ სასკოლო ტურნირებში ყოველწლიურად 100 000 მოსწავლე ჩაერთვება, ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმას მოიცავს.
პროექტი „სასკოლო ლიგა“ 2019 წელს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ“ დააფუძნა. სასკოლო ლიგა ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული საშეჯიბრო სისტემაა, რომელიც ქვეყანაში როგორც სასკოლო სპორტის, ასევე მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
2023-2024 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართა და მასში 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის 12 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ხორციელდება.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე სკოლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.