თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი – ნუგზარ ყურაშვილი 75 წლის გახდა
თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი ნუგზარ ყურაშვილი 75 წლის გახდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ნუგზარ ყურაშვილს იუბილეს და მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.
ნუგზარ ყურაშვილმა დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (პედაგოგი – პროფესორი ალექსანდრე მიქელაძე).
სამსახიობო კარიერა, მის მშობლიურ ქალაქ სოხუმში დაიწყო, სადაც არაერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული სახე შექმნა, მათ შორის ლიმონა – ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“, ჩონთა – ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, გიგა – გურამ ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“, გაიოზი – თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ და სხვა.
1980 წლიდან დღემდე ალექსანდრე ახმეტელის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლები არა მხოლოდ ამ თეატრის, არამედ ქართული თანამედროვე თეატრის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მის მიერ შესრულებულმა თეატრალურმა როლებმა: ჯოყოლა – ვაჟა-ფშაველას „მთანი მაღალნი“, ალექსეი – ვსევოლოდ ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“, კოხტა – ჯაბა იოსელიანის „შავი კატა“, ვარდენი – იონა ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ელიზბარ ერისთავი – გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“, ვატო – აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, დემეტრე მეორე – პოლიკარპე კაკაბაძის ამავე სახელწოდების პიესა, დათიკო კაპანაძე – შადიმან შამანაძის „ღია შუშაბანდი“, მამა – ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“, ბრუტუსი, ლირი – უილიამ შექსპირის „რომაელები“, „მეფე ლირი“.
გამორჩეული წარმატება ხვდა წილად ბაბილას როლს ოთარ ჭილაძის პიესაში „ლაბირინთი“, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო ფრიდრიხ დიურენმატის „მილიარდერის ვიზიტში“ შესრულებული ილის როლი წარდგენილი იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე.
1995 წლიდან დღემდე ნუგზარ ყურაშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობიცაა. ამ თეატრის სცენაზე შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ამიკო – ოთარ ბაღათურიას ამავე სახელწოდების პიესაში, ბაბილო – ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, კარპე – რევაზ მიშველაძის „არ დამივიწყო“, დენფორტი – არტურ მილერის „სეილემის პროცესი“, გუდული ბერეჟიანი – ნოდარ დუმბაძის „სიცოცხლის ხე“, ლავრენტი ბერია – ვასილ კიკნაძის „რეკვიემი“, ბექირბი ხიშბა – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და ანა მირიანაშვილის პიესაში „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ და სხვა.
1999 წელს მისი დამსახურება ქართული თეატრისა და კინოს წინაშე ღირსების ორდენით აღინიშნა, ხოლო 2009 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიანიჭა.
ნუგზარ ყურაშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი სახე შექმნა სხვადასხვა თეატრის სცენაზე: დე სანტოსი – კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, მარჯანიშვილის თეატრში; მამა – ტენესი უილიამსის „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“, სამეფო უბნის თეატრში; სანდრო – ოთარ ბაღათურიას „მეფე ლირი თავშესაფარში“, მესხეთის თეატრის სცენაზე; კრეონი – ჟან ანუის „ანტიგონე“ და ისიდორე სალარიძე – ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე. 2016-2020 წლებში იყო სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი.
2017 წლის 14 იანვარს ახმეტელის სახელობის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ნუგზარ ყურაშვილი არაერთ მხატვრულ ფილმშია გადაღებული, მათ შორის აღსანიშნავია „ძმა“, „წიგნი ფიცისა“, „ზღვის მაშვრალნი“, „ფესვები“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ატრაქციონი“ და სხვა.
მაყურებელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ შექმნილი უჩა ზერაგიას როლი ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.