ჯემალ გამახარია: “თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ვიღაცას ბოდიშები ვუთხრათ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის”
“თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ვიღაცას ბოდიშები ვუთხრათ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარში “ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის. მაგრამ, არა ისე, რომ მარტო ჩვენ ვართ დამნაშავე, ასეთი რამ გამორიცხულია”. როგორც გამახარიამ განაცხადა, აფხაზურ მხარეს ბევრად მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის ქართული მოსახლეობის გენოციდი, ვითარების ისე დაძაბვა, რომ საქმე ომამდე მიიყვანეს. გამახარიას თქმით, ყველაფერი შეგნებულად, რუსების კარნახით ხდებოდა.
როგორც გამახარიამ განაცხადა, აფხაზები ომისთვის ბევრად ადრე ემზადებოდნენ.
“როდესაც ლავროვის, ზატულინის განცხადებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რუსულ საზოგადოებაში, აფხაზურ საზოგადოებაში რა ხდება. მაგალითად, ე.წ. ოპოზიციის ერთერთი მთავარი ლიდერი ადგურ არძინბა, რას ამბობს: “აფხაზები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო აფხაზეთს სრულად შემოიერთებს “, “რუსეთს სურს, აფხაზებს დაუპირისპირდეს იმისთვის, რომ საქართველოს დაუბრუნოს”. რა კონტექსტში ამბობს ამას: აფხაზებს ეუბნება, აი, რა დიდი უბედურება გველოდება , ამიტომ არ უნდა მივიღოთ აპარტამენტების შესახებ კანონი ,არც ინვესტიციების საკითხი უნდა განვიხილოთო. ჩვენ ყველაფერი ვიცით, რა ხდება აფხაზეთში, საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში რას ლაპარაკობენ. იმაზე, რომ “ასეთი ტრაგედია ელოდებათ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გამო”, პროტესტს ვერ ვხედავთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას,რ ომ ისინი ახლა მზად არიან, ხვალ ხმა საქართველოსთან შემოერთებას მისცენ, ის ე.წ. დამოუკიდებლობა დათმონ. აქ ჩვენ პროცესზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ პროცესი რომ დაძრულია. საით განვითარდება,რ ა სახეს მიიღებს ბოლოს,ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული. ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ვიღაცას ბოდიშები ვუთხრათ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის. ქართულ მხარეს რომ არ აქვს არანაირ ბრალი, დანაშაული ყოველივე იმაში რაც მოხდა – თუ ამ პოზიციაზე დავდგებით, შედეგს ვერასდროს მივაღწევთ. მე, პირადად, 1992 წელს ჯარების შემ ოყვანის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ომის დაწყების პირველი დღიდან სულ მოვუწოდებდი მაშინდელ ე.წ. ხელისუფლებას , რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით დამთავრებულიყო. ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა – ეს სადავო თემაა. აფხაზები ომისთვის ბევრად ადრე ემზადებოდნენ. ჩვენ ამ მასალებს ვაგროვებთ, გვინდა, გამოვცეთ. ეს ომი 1992 წელს ჩვენი ჯარების შეყვანით კი არ დაიწყო, არამედ 1988-89 წლიდან ისინი ამ ომისთვის ემზადებოდნენ. ამის დოკუმენტები, მოწმეები არსებობს. ისმის კითხვა: ჩვენ გავაკეთეთ, თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ იქ ამ ძალების შეყვანა არ გახმდარიყო საჭირო, ის დიდი უბედურება არ დაწყებულიყო. ეს სადავოა. ზოგი ამბობს, ყველაფერი გავაკეთეთო. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი არ გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა. ანუ, ამაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის. მაგრამ, არა ისე, რომ მარტო ჩვენ ვართ დამნაშავე, ასეთი რამ გამორიცხულია. თუ ორივე მხარე მოინანიებს დანაშაულს, რომელიც ჩადენილი აქვს, აფხაზურ მხარეს ბევრად მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის ქართული მოსახლეობის გენოციდი, ვითარების ისე დაძაბვა, რომ საქმე ომამდე მიიყვანეს. ეს ყველაფერი შეგნებულად, რუსების კარნახით ხდებოდა. რუსები აფხაზებს აგულიანებდნენ, აირაღს აძლევდნენ, აიმედებნენ, თქვენს გვერდით ვიქნებითო. თბილისში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი რომ იყო, მისი ოფიცრები ყოველდღე დადიოდნენ მთავრობაში და ეუბნებოდნენ, სეპარატისტული მოძრაობა რუსეთშიც არის , ერთად უდნა მოვიგერიოთ , ჭკუა უნდა ვასწავლოთ , დაიწყეთ და თქვენს გვერდით ვიქნებით , იარაღი წაიღეთო. ორივე მხარეს რუსეთი აგულიანდებდა. ჩვენი გვარდია 14 აგვისტოს სოხუმში რომ შემოვიდა, რუსი გენერლები ახლდნენ თან. მთელი კვირა, სანამ აფხაზები სოხუმიდან არ გავიდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ ე.წ. სტალინის აგარაკზე. რუსი გენერლები იქ კიტოვანთთან ერთად ქეიფობდნენ, ყველაფერში მხარს უჭერდნენ. ეს იყო მანამდე, სანამ სისხლი არ დაიღვარა, აფხაზები ფეხზე არ დადგნენ, კარგად არ შეაიარაღეს, ჩრდილო კავკასიიდან, რუსეთიდან მოხალისეები არ ჩამოვიდნენ. შემდეგ კი მთელი ძალებით აფხაზურ მხარეს ეხმარებოდნენ. თუ დიდი პოლიტიკოსი ხარ, ეს ყველფერი წინასწარ უნდა განჭვრიტო. ამას იმიტომ ვყვები, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობისა , გვაქვს. ამაზე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მაგრამ სეპარატისებს ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით , ამაზეც, კეთილი ინებონ და ბოდიში მოიხადონ. ცალმხრივი ბოდიში საქმეს ვერაფერს უშველის. ასეთია ჩვენი პოზიცია, ის განმარტებები, რაც გაკეთდა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ აქ ურთიერთმიტევებაზეა საუბარი და არა ცალმხრივი ბოდიშის მოხდაზე”, – განაცხადა გამახარიამ.