“რუსეთის დაწესებულმა ფინანსურმა სანქციამ აფხაზური მხარე აიძულა ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოეხდინა” – ჯემალ გამახარია

“ფინანსურმა სანქციამ, რაც რუსეთმა აფხაზებს დაუწესა, აფხაზური მხარე აიძულა, „ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოეხდინა” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მცოცავი ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

“ეს არის ე.წ. შეთანხმება, რომელიც რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთს შორის უკვე 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიდო, ხელი 2022 წლის 29 ივნისს მოეწერა. მას რატიფიკაცია სჭირდებოდა, აფხაზური მხარე ამას ბოლო დრომდე აჭიანურებდა. რას წარმოადგენს ეს ე.წ შეთანხმება: ეს არის “ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარების და აღსრულების შესახებ”. ეს აპარტამენტების თემასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსებისთვის ინვესტიციების ჩადება, ეკონომიკური საქმიანობა სახიფათოა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვინც იქ ინვესტიცია ჩადო, რაღაც შეიძინა, ყველა, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვა, “გადააგდეს”, დაკარგე ბიზნესი , ქონება, რომელიც აფხაზეთში შეიძინეს. რადგანაც ასეთი უზარმაზარი , აპარტამენტების პროექტი უნდა განხორციელდეს, სადაც მილიარდები ჩაიდება. ე.წ. დოკუმენტი იმის პრევენციას ისახავს მიზნად, რომ ესეც არ დაიკარგოს. თუ მსგავსი რამ მოხდება, ამა თუ იმ საკითხზე ეკონომიკური დავა იქნება, მაშინ რუს ბიზნესმენს შეუძლია, იჩივლოს, სარჩელი რუსეთის სასამართლოში შეიტანოს. აფხაზეთმა იქ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღიაროს , აღასრულოს და პირიქით. მაგრამ პირიქით რომ არ მოხდება, ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს არის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ნათელი მაგალითია მცოცავი ანექსიისა, როდესაც რუსეთს სურს, სასამართლო ხელისუფლება სრულად ხელში ჩაიგდოს , ამჯერად ეკონომიკურ საკითხებზე. ის პოლიტიკურ საკითხებს ისედაც აკონტროლებს, აფხაზეთში ჯარი უყენია , სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისით სრული კონტრლი აქვს, ახლა კი ეკონომიკური თვალსაზრისით ხელში მთავარ სახელისუფლებო ბერკეტს იგდებს.
აფხაზებმა კარგად იციან, რა არის ამაში ჩადებული, ამიტომაც (რატიფიკაცია) ბოლო დრომდე ჭიანურდებოდა. ფინანსურმა სანქციამ, რაც რუსეთმა აფხაზებს დაუწესა, აფხაზური მხარე აიძულა, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოეხდინა. თუ აპარტამენტების შესახებ ე.წ. კანონი მიღებული არ იქნება, მაშინ ეს ე.წ. შეთანხმება აფხაზეთს მაინცდამაინც დიდ ზიანს ვერ მოუტანს, დოკუმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით აფხაზებისთვის ძალიან დამაზინებელია, მაგრამ პრაქტიკული ზიანი აქედან ნაკლები იქნება, ვიმეორებ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. კანონი აპარტამენტების შესახებ მიღებული არ იქნა” – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ე.წ. შეთანხმებას ბათილად აცხადებს.

“როდესაც რუსეთს და აფხაზეთს შორის მსგავსი ე.წ. შეთახმების რატიფიცირება ხდება, ჩვენ ამას სამართლებრივ შეფასებას ვაძლევთ. გამომდინარე საერთაშორისო სამართლიდან, ქართული კანონმდებლობიდან, ჩვენ ბათილად ვაცხადებთ ამ დოკუმენტს და იმ დოკუმენტს, რომლის ძალითაც რატიფიკაცია მოხდა. ვიღაცას შეიძლება , მოეჩვენოს, რომ ეს ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ ეს კანონია აუცილებელია. ქართული მხარის სამართლებრივი პოზიციაა, რომ ამას ვაუქმებთ როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, არ ვცნობთ ამ ე.წ. შეთანხმებას, ბათილად ვაცხადებთ. როდესაც დეოკუპაციის ჟამი დადგება, მაშინ ეს ყველაფერი მაგიდაზე დაიდება და როგორც ოკუპანტებს, ისე სეპარატისტებს წინ დახვდებათ. დარწმუნებული ვარ, სეპარატისტები ძალიან გახარებულები იქნებიან იმით, რომ ჩვენ ასეთ დოკუმენტებს ვაუქმებთ”- განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ვითარება მძიმე, დაძაბული, ფეთქებადსაშიში რჩება.

“ეს ე.წ. შეთანხმება 3 ძირითადი დოკუმენტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ესენია აპარტამენტების შესახებ, აფხაზეთში რუსული იურიდიული პირების მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ, რომელიც რატიფიკაციის მეორე დღესვე დე ფაქტო პარლამენტში შევიდა. რუსეთმა ეს ტაქტიკა აირჩია: რადგანაც სამივე დოკუმენტი ერთად ვერ გადის, მოდი, დავიწყებ და აფხაზებს ცალ-ცალკე მივაღებინებ ამ დოკუმენტებსო. ერთი უკვე მიაღებინეს, მეორე რატიფიკაციის მეორე დღესვე დე ფაქტო პარლამენტში გადააგზავნეს. ესეც აფხაზური მხარისთვის ძალიან მძიმე დოკუმენტია. იმიტომ, რომ აპარტამენტებს მილიარდობით ინვესტიცია სჭირდება, ეს ე.წ. შეთანხმებები ამ ინვესტიციების დასაცავადაა. აფხაზეთში 7 ბანკია, რამდენიმე დღის წინ, 29 სექტემებრს შვიდივემ დე ფაქტო პარალამენტში თავიანთი მოსაზრება ერთობლივად წარადგინა, რომ ამ დოკუმენტის რატიფიცირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველა ე.წ. ოპოზიციურმა პარტიამ ორიოდე დღის წინ განცხადება შეიტანა, რომ ამ საკითხის განხილვა მათი მონაწილეობით მოხდეს, ანუ სასტიკი წინააღმდეგები არიან. ამ ე.წ. შეთანხმებით მხოლოდ აფხაზურ მხარეს აკისრია ვალდებულებები, რუსეთს არანაირი ვალდებულება არ აქვს , მათ შორის არ აქვს ვალდებულება, გადასახადები იხადოს.
აპარტამენტების თემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია. მაგრამ, რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აპარტამენტებია. ეს ყველაფერი, ეს ე.წ. შეთანხმებები ამისთვის კეთდება.
ასე რომ, ვითარება რჩება ზუსტად ისეთივე მძიმე, დაძაბული, ფეთქებადსაშიში როგორიც რამდენიმე ხნის წინ იყო. დიდი იმედი გვაქვს , რომ აპარტამენეტების საკითხი რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილი არ იქნება.”- განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს მოახდინა.
შეგახსენებთ, რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა, მიზეზი კი აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.
“ისინი უკვე ამოქმედდა პირველი სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა”,- განაცხადა შამბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “ეხო კავკაზამ“ გაავრცელა.
მათი ცნობით, ე.წ. კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა, ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს.
ე.წ. პარლამენტის “პრესსამსახურის” განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“ მიიღეს. ე.წ. კანონპროექტის განხილვა საზოგადოების პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ე.წ. კანონპროექტზე ჯემალ გამახარიამ 23 ივლისს, “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
“10 000 აპარტამენტის მშენებლობაა გათვალისწინებული, თითოეული აპარტამენტისთვის 1 ჰექტარი მიწა გამოიყოფა, წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ 10 000 აპარტამენტი აშენდა, ჩათვალეთ, რომ 99 % რუსების მიერ იქნება შესყიდული.”- განაცხადა გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები