ირაკლი კობახიძე: კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ კახეთს ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის და შესაბამისად, არავისგან ესწავლებათ არც ქვეყნისთვის თავგანწირული ბრძოლა და არც მშვიდობის ფასი.

მისივე თქმით, კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად.

„კახეთი არის უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სამშობლო, რომელმაც საქართველოს თვითმყოფადობის არსი სამი სიტყვით – მამულით, ენით და სარწმუნოებით გამოხატა და თითოეულ ქართველს სამშობლოსათვის თავგანწირვის გამორჩეული მაგალითი მოგვცა.

კახეთი არის ერეკლე მეორის მშობლიური მხარე, ერეკლე მეორემ ჯერ მრავალი გადახდილი ომით და შემდეგ თავისი სიბრძნით შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა და ქრისტიანული სარწმუნოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის თვითმყოფადობისა და ქრისტიანული სარწმუნოების მტრებს თავის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ ერეკლე მეორე ჰყავთ ამორჩეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ვალია, ჩვენს უსაყვარლეს მეფეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და ამ მიზნით, როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქში – თბილისში მალე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას.

კახეთი არის მხარე, სადაც ყველაზე უკეთ იციან ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს – ვაზის მოვლა და მოფრთხილება. ამიტომ, კახელებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ დაგათმობინებთ. კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები