გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიცია აშკარად ცრუობს, ვერანაირი კოალიციური მთავრობა ვერ შედგება „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალებთან“ გაერთიანების გარეშე

არჩევანი კი, ეს ბევრს მოსწონს თუ არა, ისევ გასაკეთებელია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალებს“ შორის, ხოლო „ქართული ოცნება“ თუ აგებს ამ არჩევნებს, ეს აპრიორი ნიშნავს „ნაციონალების“ და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ჯერ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს, რომ ორი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის გარეშე რაიმე კოალიცია შექმნილიყოს.

„როდესაც ოპოზიცია იბრიქება, რომ იგებს ამ არჩევნებს, კითხვის ნიშნები უფრო მეტია, ვიდრე სიცხადე, რადგან პასუხი არა აქვს გაცემული მთავარ კითხვაზე – 12 წელია ყველა არჩევნებში რატომ მარცხდებოდა, ანუ რა იყო ამის მიზეზები და ახლა რა შეიცვალა? და მაინც რატომ აგებს ოპოზიცია უკვე 12 წელია ყველა დონის არჩევნებს? დავიჯერო მხოლოდ მაჟორიტარების ფაქტორის გამო?! მათ ხომ აქვთ საკუთარი პარტიული ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, აქვთ ფინანსები და ჰყავთ საკუთარი ელექტორატი.

ჰყავთ უცხოელი სპონსორები, მათზე მუშაობს არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, მაშინ რაშია საქმე?

ამის პასუხი, ვფიქრობ, ისევ ოპოზიციურ ტყუილშია. იმდენი იძახეს კოალიციური მმართველობა, სანამ თავადვე არ უარყვეს საქმით, როდესაც ორი პრეტენზიული ოპოზიციური ფლანგი უბრალოდ ვერ გაერთიანდა, რაზეც ამ გაერთიანების ინიციატორმა პრეზიდენტის სასახლიდან ვერდიქტი გამოუტანა: პოლიტიკური კულტურა ჯერ მზად არ არის კომპრომისებისათვის, ანუ ფაქტიურად კოალიციური მმართველობისთვისო.

თუ ოპოზიცია არ არის ღრმად გახვეული ოლიგარქიულ საბურველში, ოლიგარქიულ მმართველობაზე რომ აქვთ მუდმივად მინიშნება?

მაგრამ მთავარი ტყუილი რითაც ისინი წინა საარჩევნო კამპანიას მართავენ, ასევე გუშინვე ამხილა ყოფილმა თბილისის მერმა, როდესაც „ტვ პირველის“ ჩართვისას პირდაპირ განაცხადა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ატყუებს მოსახლეობას და ამომრჩეველს, როდესაც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრებას „ნაციონალების“ გარეშე აპირებსო.

ოპოზიციის მიერვე დაკვეთილი და აშკარად ოპოზიციისკენ გადახრილი კვლევებითაც, „ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიური გამოკითხვით, პირველ ადგილზე 32 % არის „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა“ 20 %, ხოლო სამ დანარჩენ ოპოზიციურ  ფლანგს ჯამურად მაქსიმუმ 31 % ქვს.

ჯერ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს, რომ ორი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის გარეშე რაიმე კოალიცია შექმნილიყოს. ოპოზიცია აშკარად ცრუობს, ვერანაირი კოალიციური მთავრობა თეორიულადაც კი ვერ შედგება ამ თავად „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალებთან“ გაერთიანების გარეშე.

ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც კოალიციაზე ერთ მაგიდასთან დასხდებიან მიხეილ სააკაშვილი, ხაზარაძე, ბატონი გახარია თუ გვარამია. გაცოცხლებული და აშკარად მოფერიანებული სააკაშვილი ნურას უკაცრავად, როგორც თავად უტყვის, ვისთვის რისი დამთმობია, 2003 წელსაც კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკით და სულ რაღაც ერთ წელიწადში, ამ ბლოკისაგან აღარაფერი დარჩა!

არჩევანი კი, ეს ბევრს მოსწონს თუ არა, ისევ გასაკეთებელია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალებს“ შორის, ხოლო „ქართული ოცნება“ თუ აგებს ამ არჩევნებს, ეს აპრიორი ნიშნავს „ნაციონალების“ და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მერე ვიღაცების დემოკრატიული წყმუტუნი არ გავიგო დემოკრატიის გადახრებზე! თუ რომელიმე ოპოზიციურ ფიგურას მეტი ნდობა ან პოლიტიკური წონა აქვს იმავე დასავლეთში?!

არჩევანი ძალზე მარტივი გასაკეთებელია და არც არანაირ კავშირში არაა დასავლეთის პოლიტიკურ შანტაჟთან, გაიყინება თუ არა ევროინტეგრაცია ან დასანქცირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი. ბუნებრივია, „ქართული ოცნებაც“ წავა ხელისუფლებიდან, როდესაც ალტერნატივა გაჩნდება და არა გარედან იძულებით ვიღაცების ინტერესის გამო!“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები