შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც თქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ის სენატის წევრმა

როცა ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ესაუბროს მეორე ქვეყნის არა ხელისუფლებას, არამედ თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმაზე მძიმე ბრალდება არ შეიძლება იყოს, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს სენატის წევრმა გააჟღერა.

„ამაზე მძიმე და ამასთან ახლოს მყოფიც კი არ გვითქვამს ჩვენ არასდროს. ამიტომ საკითხი არის პირიქით, როგორ შეგვხედავენ ჩვენ თვალებში, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ზოგიერთი შინ და გარეთ, ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ყოფს ხელისუფლებას და ხალხს. გვახსოვს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულება, რომ ცალკე არის მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი, შინაც და გარეთაც, ამ რუსული სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობენ ქართველ ხალხზე და თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის რაღაც გამჭვირვალე შუშა და იმის იქით ხედავენ ქართველ ხალხს.

საქართველოს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ხალხის წარმომადგენელი. ამიტომ, ერთადერთი, ვისთანაც საუბრობენ ქვეყნები ერთმანეთთან საუბრების დროს, ეს არის ხელისუფლება ხელისუფლებასთან. როცა ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ესაუბროს მეორე ქვეყნის არა ხელისუფლებას, არამედ თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც. ხოლო რასაც ჰქვია ღირებულებები, ეს ასახულია ზუსტად გაეროს წესდებაში, რომელიც ამკვიდრებს ჩაურევლობის პრინციპს. ამას ამბობს პირდაპირ. მინდა, გაგაცნოთ ციტატა გაეროს სხვადასხვა დეკლარაციიდან: „არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს პირდაპირ ან ირიბად რაიმე მიზეზით ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საქმეებში“. არის თუ არა ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში? რა თქმა უნდა, არის. ის, ვინც ამას აკეთებს, არღვევს თუ არა იმ პრინციპებს, რომლებზეც დამყარებულია საერთაშორისო წესრიგი?“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები