“ამას წინ ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან მქონდა საუბარი და ასეთი ტერმინი გამოიყენა, პროევროპული ოპოზიციაო და ვისაუბრეთ შემდეგ ამასთან დაკავშირებით. თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მაშინ ვერ ვთანხმდებით ზოგიერთ უცხოელთან, რა არის ევროპა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა იმ დეპუტატების სია გააჟღერა, რომლებიც დღევანდელ პლენარულ სხდომას არ ესწრებიან.
“თუ ეს არის ევროპა, რომ პარლამენტში მანდატი სთხოვო, მომავალ პარლამენტში და ის მანდატი, რომელიც ახლა გაქვს, იმას არ ახორციელებდე, მაშინ ჩვენ და ეს უცხოელი კოლეგა ვერ ვთანხმდებით რა არის ევროპა. ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპა. ჩვენ ევროპა გვესმის ის, რომ ადამიანმა ის მანდატი, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს, ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებს, ამ მანდატის განხორციელებისთვის ამას უნდა მოახმაროს, მაგრამ, როგორც ჩანს სხვა წარმოდგენა აქვს ჩვენს ზოგიერთ ოპოზიციონერს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.