“გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდა” – მაჭარაშვილი
“ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგება, იმ ტერიტორიაზე ქართველებთან ერთად ოსებმა და აფხაზებმა ხომ უნდა იცხოვრონ? სხვანაირად ვის წარმოუდგენია? ეს ამათ, [რადიკალებს] ვერ წარმოუდგენიათ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტერიტორიები რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წაგვართვა; საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელები რუსეთის წინააღმდეგ შევიტანეთ და არა – ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ; რუსეთს მოვუგეთ საერთაშორისო სასამართლოები, სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ომი რუსეთთან გვქონდა და ა.შ.
როდესაც ადამიანს გულწრფელად უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ამის გზებს ეძებს. სხვა ბევრ საკითხთან ერთად, სწორედ ამ საკითხის გამო გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ, რომ გამოჩნდა, ოპოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდა – როგორც კი შერიგების, ურთიერთსიყვარულის და ბოდიშის შანსი გაჩნდა, მყისიერად ყიჟინა დასცხეს. ეს კი იმის დასტურია, რომ ამ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდა და ამ ტერიტორიების გარეშე უნდა ყველგან და ყველაფერში გაწევრიანება. უკვე დავინახეთ, რომ როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ეს ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს. ამიტომაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.