26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ ის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართვა, რამდენად უზრუნველყოფს სანდოობას ეს ტექნოლოგიები, რა სიახლეებია საარჩევნო პროცესში – ამ საკითხების შესახებ განმარტება ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევების წინასწარი შედეგები უფრო მოკლე დროში გახდება ცნობილი.
“პირველი და მნიშვნელოვანი, ალბათ, გამარტივებული საარჩევნო პროცედურებია. მაგალითად, ივლისის თვეში განხორციელებულ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დემონსტრირების პროექტში ასევე გამოვიკითხეთ ამომრჩევლები. მათ ვკითხეთ, რამდენად მარტივი და მოსახერხებელია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. 99 %-მა აღნიშნა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებით საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება მარტივი, კომფორტულია. რაც ყველაზე მთავარია , ეს ყველაფერი არის ძალიან ზუსტი, ადამიანურ შეცდომებს გამორიცხავს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად, წინასწარი შედეგები ძალიან მალე გვეცოდინება. ჩვენი პროგნოზით, 26 ოქტომბერს წინასწარი შედეგის გამოცხადება ცესკოში შესაძლებელი იქნება საათ-ნახევარი – ორი საათის განმავლობაში. ზუსტად ელექტრონული ტექნოლოგიები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. იმის გარდა, რომ პირველადი შედეგები გვექნება, იცით, რომ ტრადიციულად ხელის გადათვლის მეთოდი კვალავ დარჩენილია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ნაცვლად ამომრჩეველთა ერთიანი სიებისა, ჩვენ გვაქვს ვერიფიცირების აპარატი. ეს გახლავთ ამომრჩევლის ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისთანავე გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, ზუსტად 3 წამში რეგისტრატორი მის ელექტრონულ რეგისტრაციას მოახდენს. ანუ, პროცესი ბევრად უფრო დაჩქარებულია. ხმის მთვლელი მანქანებიც იმის შესაძლებლობას გვაძლევენ, რომ პერიოდულად, კანონით დადგენილ დროში ვიცოდეთ ამომრჩეველთა აქტივობა, პირველადი შედეგები. პროცესი ძალიან მოსახერხებელი და მარტივია როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისივე განცხადებით, განმეორებითი ხმის მიცემა, ფაქტობრივად, საერთოდ გამორიცხულია.
“მითები არსებობს: განმეორებით ხმის მიცემა, მაგალითად, ნებისმიერი ამომრჩევლის მხრიდან კონკრეტულ უბანზე მისვლა და ხმის მიცემა, ფაქტობრივად, საერთოდ გამორიცხულია, ამის შესაძლებლობას ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა. მას შემდეგ რაც, მაგალითად, ამომრჩეველი ორმაგი ვერიფიკაციის მცდელობას შეეცდება, ვერიფიკაციის აპარატი საკმაოდ ხმამაღალ ხმას გამოსცემს და ასევე გამოაქვს შეტყობინება, რომ სახეზე ორმაგი ვერიფიკაციაა. თუ ამომრჩეველი კონკრეტული უბნის ამომრჩეველი არ არის , ჩვენი ვერიფიკაციის აპარატი ასევე საკმაოდ მაღალ სიგნალს გამოსცემს და ასევე გამოაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული უბნის ამომრჩეველი არ არის. ასევე აღვნიშნავ გადასატან საარჩევნო ყუთზე: გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანილი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე გამოცხადების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ვერიფიკაციის აპარატი მათ ამ შესაძლებლობას ასევე არ მისცემს”, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, შეცვლილია ხმის მიცემის წესი.
“ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოდიფიცირებული ახალი სახის ბიულეტენები გვაქვს, შეცვლილია ხმის მიცემის წესი. წელიწად-ნახევრით ადრე დაწყებული პროცესი სწორედ ამას უკავშირდება – რომ იმ სიახლეებზე, რომელიც კანონმდებლობამ შემოგვთავაზა, ამომრჩევლები სწორად იყვნენ ინფორმირებულები. ასევე ვიტყვი, რომ ჩვენთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შემოხაზვის ნაცვლად , ახლა სასურველი სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გავაფერადოთ. ასე უნდა მივცეთ ხმა ჩვენთვის სასურველ სუბიექტს.
ჩვენი დაკვირვებით, ერთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად 45 წამიდან 1 წუთამდე დრო დასჭირდება. რაც შეეხება გაფერადების ნაწილს: მას შემდეგ რაც რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენს გადასცემს, ის ვალდებულია კიდევ ერთხელ აუხსნას როგორც ბიულეტენის შევსების წესი, ასევე ჩარჩო კონვერტის გამოყენების წესი. ბიულეტენები აღარ იკეცება, აღარ იდება კონვერტში, ის იდება ჩარჩო ფორმაში . ხმის მიცემის ფარულობის დაცვა ასე ხდება. რეგისტრატორი ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში ისე არ გაუშვებს, ვიდრე იქვე საცდელ წრეს არ გააფერადებინებს. ანუ ამომრჩეველი საცდელ წრეს რეგისტრატორის მაგიდაზევე აფერადებს”, – განმარტა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს სპიკერმა განმარტა , როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის. მისი თქმით, ამომრჩევლების 90 % არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დღევანდელი დღის მონაცემებით, 600 000-მდე საქართველოს მოქალაქეს იმიტირებულ კენჭისყრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
“ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბრის არჩევნები იმითაა განსხვავებული, რომ ამომრჩევლების 90 % მასში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები სატესტო და მცირე მასშტაბით უკვე 8-ჯერ გვაქვს გამოყენებული. თუმცა, ახლა მასშტაბი ძალიან დიდია. ასეთი დიდი მასშტაბის გამო ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ტრადიციულ შემთხვევაში. იცით, რომ ყველა არჩევნებს წინ ინფორმირების კამპანია უძღვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ადრე დავიწყეთ . მიზანი იყო , რომ ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი ყოფილიყო ინფორმირებული, სწორი, ზუსტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე ჩართული მხარეებისთვის.
თქვენ ახსენეთ იმიტირებული კენჭისყრა, რომელიც 11 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით 600-მდე საარჩევნო უბანზე გაიმართა, მოწყობილი იყო იმიტირებული საარჩევნო უბნები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. დილის 11: 00 საათიდან საღამოს 18: 00 საათამდე ყველას ვაძლევდით შესაძლებლობას, მათთვის სასურველ საარჩევნო უბანზე მოსულიყვნენ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ, იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა უშუალოდ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიეღოთ. რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავია. 11 სექტემბრის იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 123 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო, რაც 1 დღის სტატისტიკისთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია.
ჩვენმა წელიწად-ნახევრის ნამუშევარმა შემდეგი შედეგი გამოიღო: დღევანდელი დღის მონაცემებით, 600 000-მდე საქართველოს მოქალაქე იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებულია , მათთვის ეს ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს. რა გავაკეთეთ და საიდან დავიწყეთ: ჩვენ ინფორმირების კამპანია სიმბოლურად საკანონმდებლო ორგანოდან დავიწყეთ, შემდეგ ეს ყველაფერი სხვადასხვა საჯარო და კერძო უწყებაში გაგრძელდა. ჩვენი თანამშრომლების ნახვა შესაძლებელი იყო მეტროსადგურებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე , უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კორპორაციაში. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციების ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ივლისის თვეში ყოველ შაბათ-კვირას იყოს იმის შესაძლებლობა, რომ 69 ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლებს მათთვის სასურველი დრო, ადგილი აერჩიათ, მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ. ვთვლი, რომ ამ კუთხით რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დრო გამონახა და ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღო. ასევე არის ჩვენი საინფორმაციო ვიდეორგოლები , რომელიც განთავსებულია იუსტიციის სახლებში, მატარებლებში, კინოთეატრებში , ტელევიზიებში, სტადიონებზე. ვფიქრობთ, ამომრჩევლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მზად იყვნენ იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, ის ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც პროცესში უნდა გამოვიყენოთ, მათთვის უცხო არ იქნება” , – განაცხადა იოსელიანმა.
თამუნა შეყილაძე