ოთარ შამუგია: სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერა, ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ იმყოფებოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერასა და ბაზრების დივერსიფიცირების საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ ხელშესახები შედეგები სახეზეა.

„იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, მეტ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზარი მზარდია, ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს და პროცესები კარგად მიდის. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გვაქვს ექსპორტის 40%-იანი ზრდა – წელს უკვე 1 მილიონ ბოთლზე მეტია გატანილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამერიკაშიც – ზრდის მაჩვენებელი 35%-მდეა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანიის „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“ დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერით მარანი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო მეწარმემ ღვინის მარანი – გასულ წლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანი; აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

ძმები გიორგი და გელა ხუციშვილების საოჯახო მარანი წლიურად, საშუალოდ, 15 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს 2 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან, ორიენტირებულია ქვევრის ღვინოზე და ექსპორტს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ რქაწითელის ჯიშის ყურძნის 2015 წლის მოსავალი „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით მარანში არსებულ ორსაუკუნოვან ქვევრში დადუღდა.

„ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“ უცხოელი სტუმრებისთვის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციებიც იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რთველის პროცესში, გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას, რაც საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები