რატი იონათამიშვილი: სენატორები ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ, ზემოდან გვიყურონ, მოუწევთ ბოდიში ან 26 ოქტომბრის შედეგების პატივისცემა
გიგაური სენატში რაზეც საუბრობდა, კრებითი რადიკალური ოპოზიციის პოზიციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც სენატორები სიძულვილის ენას იყენებენ.
„ეკა გიგაურის გამოსვლა იყო ცრუ, ღალატის და დასმენის აქტი, რაც საზოგადოებას არ უკვირს, რადგან ზუსტად ვიცით, მათი მთავარი მიზანი რა არის – დეზინფორმაციითა და სიცრუით ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ისინი ამ საკითხშიც ხელმოცარული არიან, მაგრამ გამაოგნებელია, რა მასშტაბებზე ავიდა ამ ადამიანების ღალატის დონე. არავის უკვირდეს, რომ ის, რაზეც გიგაური საუბრობდა, კრებითი რადიკალური ოპოზიციის პოზიციაა. ასევე იმ გარეაქტორების სახეა, რომლებიც საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას ებრძვიან. ამიტომ ამ ყველაფერს საკადრისი და ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. ეს ღალატისა და ომის პარტია გამანადგურებელ პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს.
სენატორების განცხადებას რაც შეეხება, სენატორები სიძულვილის ენას როცა იყენებენ და დეზინფორმაციის, სიძულვილის კამპანიის ნაწილი ხდებიან, რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის. ცდებიან, მათ თუ ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ, ზემოდან გვიყურონ, რადგან ამაყი და თავისუფალი ერი ვართ. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყანა და მისი ღირსეული ლიდერები მსგავსი ტექსტებით მოიხსენიონ. ამ ადამიანებს ან ბოდიშის მოხდა მოუწევთ, ან იმ შედეგების პატივისცემა, რაც 26 ოქტომბერს დადგება“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.