ზურაბ ქადაგიძე: მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო სიღარიბის დონით ისტორიულ მინიმუმზეა – რას მოაქვს ეკონომიკური წარმატება? მშვიდობას, დიახ, ეროვნულმა პოლიტიკამ და ხელისუფლების პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა ეს!
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მსოფლიო ბანკის შეფასებას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველო სიღარიბის დონით ისტორიულ მინიმუმზეა.
ქადაგიძის განცხადებით, ეკონომიკური წარმატება მშვიდობას მოაქვს და ვერანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გადაწონის საქართველოს გზას, მშვიდობით და კეთილდღეობით გავიდეს სამშვიდობოს, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
“მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო სიღარიბის დონით ისტორიულ მინიმუმზეა.
“2012 წელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2023 წლისთვის კი მათი რიცხვი სამჯერ მეტად, 131 ათასამდე შემცირდა.”
რას მოაქვს ეკონომიკური წარმატება? მშვიდობას!
ვერანაირი გლობალური პოლიტ-კონიუნქტურა, “მეინსტრიმ ნარატივები” და “მაპზე” უკეთესი დანაპირების კონტექსტში გახსნილი მოლაპარაკებები, ვერ გადაწონის საქართველოს გზას, მშვიდობითა და კეთილდღეობით გავიდეს სამშვიდობოს, ამ გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს!
დიახ, ეროვნულმა პოლიტიკამ და ხელისუფლების ძალიან პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა ეს!”, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.