“14-მა ქართველმა პარაათლეტმა მოახდინა მენტალური რევოლუცია და დაამსხვრია ყველანაირი სტერეოტიპი” – იონათამიშვილი

“დასრულდა პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. წასვლის წინ, ვამბობდი, რომ ჩვენ გვყავდა 14 გმირი პარაათლეტი, რომლებიც შეცვლიდნენ სამყაროს უკეთესობისკენ!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ყველა დამეთანხმებით, რომ ეს ფაქტი, უკვე შედგა. არა მხოლოდ სპორტული, არამედ ადამიანური, ცხოვრებისეული შედეგებით ვარ ძალიან ამაყი და ეს უფრო ფასეულია ჩემთვის. თითქმის ყოველდღე ახალ მედალს ვიგებდით, ვაოცებდით ყველას ჩვენი თავდადებით და ის გამოხმაურება, რაც ამ ყველაფერს აქ, საქართველოში ჰქონდა, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 14-მა ქართველმა პარაათლეტმა მოახდინა მენტალური რევოლუცია და დაამსხვრია ყველანაირი სტიგმა და სტერეოტიპი, მეორე მხრივ, კი საუკეთესო კუთხით გააცნო ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს.

პირველად ისტორიაში, ჩვენ გვქონდა ლიცენზია 6 სახეობაში და 6-ვე სახეობაში შევძელით მედლის მოპოვება, რაც უნიკალური შედეგია ნებისმიერი ქვეყნისთვის!

პირველად ისტორიაში, 14-დან 9 პარაათლეტმა, ფაქტობრივად, მონაწილეთა 2/3-მა შეძლო საპრიზო ადგილის დაკავება, რითაც საერთოდ პირველები ვართ!

პარალიმპიური თამაშების ისტორიაში აქამდე გვქონდა მხოლოდ 4 მედალი, ახლა კი 12 დღეში გვაქვს 9 მედალი, რითაც ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა, მაგრამ ამას არ ვუშინდებით, გამოწვევები და მაღალი პასუხისმგებლობის ქონა ჩვენთვის ჩვეული მოვლენაა და მზად ვართ მივიღოთ ეს, როგორც დამატებითი მოტივაცია და კიდევ ბევრჯერ და უფრო ძლიერად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

მადლობა ჩვენს გმირ პარაათლეტებს, მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც ყოველ ჯერზე ასეთი დაუვიწყარო დახვედრა მოუწყო ჩვენი ნაკრების წევრებს! ჩემი კომიტეტის წევრებს, ექიმებს, მწვრთნელებს და პერსონალურ ასისტენტებს, ჩვენ არა მხოლოდ ერთი გუნდი, არამედ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ესეც არის საფუძველი ამ წარმატების!

მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც პირდაპირ ეთერში აჩვენებდა პარიზი 2024-ს და ეს ტრანსლაციები ცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობისა და შშმ პირების მიმართ. ამის შედეგებს ჩვენ ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ.

მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომლის პირად დამსახურებაზე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდეიუ პარსონსი თავად გვესაუბრა, ასევე, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და მინისტრს თეა წულიკიანს, თბილისის მერს კახა კალაძეს პარალიმპიური მოძრაობის და პარასპორტის ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის!”, – წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები