რუსეთის 2008 წლის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ

კრემლის ჰიბრიდული ომის პოლიტიკა და მიზნები

 დეზინფორმაცია და პროპაგანდა ყოველთვის იყო სახელმწიფოთა შორის წარმოებული ომების შემადგენელი ნაწილი, თუმცა „ჰიბრიდული ომი“, ტერმინი რომელიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ დაამკვიდრა – არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც – დღეს. თავად ტერმინი მტერზე თავდასხმისას, ტრადიციული სამხედრო მოქმედებების პარალელურად (ან სამხედრო მოქმედებების გარეშე), სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას გულისხმობს, მაგალითად – ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ან მნიშვნელოვან კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმას. ტექნოლოგიამ ჰიბრიდული ომის წარმოების ახალი გზები გახსნა და დაპირისპირებულ მხარეებს საშუალება მისცა, საფრთხე შეუქმნან ერთმანეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას  პირდაპირი სამხედრო მოქმედებების გარეშე. ასე რომ, თუ სახელმწიფოები ერთმანეთს აქამდე საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და კოსმოსურ სივრცეებში შეიძლება დაპირისპირებოდნენ, XXI საუკუნემ დაპირისპირების მეხუთე არეალად კიბერსივრცე შემოიტანა. ამრიგად, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კიბერსივრცის დაცულობა არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ზიანი, რომელიც მას კიბერსივრცეზე თავდასხმით შეიძლება მიადგეს, მოწინააღმდეგის მიერ დახარჯულ ადამიანურ რესურსთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს.

 სწორედ ჰიბრიდული ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. შეაიარაღებული კონფლიქტის პარალელურად, კიბერსივრცე იყო საომარი პროცესის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზე შეტევითაც კრემლს საქართველოში ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა სურდა. მანამდე კი, სანამ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები დაიწყებოდა, კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰაკტივისტები მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობის ფორმირებას და ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივებაზე აქტიურად მუშაობდნენ. მართალია, ეს პროპაგანდა, ფაქტობრივად, მეფის რუსეთის დროიდან მიმდინარეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიები დაიხვეწა, ამ პროცესმა უკვე ინტერნეტში გადაინაცვლა. შესაბამისად, პროპაგანდის გავრცელების მასშტაბი წარმოუდგენლად გაიზარდა.

 კრემლის პროპაგანდისტული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეისწავლა. ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია, რამდენიმე ზოგადი მახასიათებელი გამოვყოთ, რომელიც რუსულ პროპაგანდას გააჩნია. სანამ უშუალოდ 2008 წლის კიბერაქტივობებზე ვისაუბრებთ, საერთო კონტექსტისთვის, ეს პრინციპებიც მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ.

 პირველყოვლისა, კრემლი ცდილობს, პროპაგანდისტული გზავნილებისთვის მასობრივი კომუნიკაციის ყველა საშუალება გამოიყენოს და მისი პროპაგანდისტული ნარატივი  როგორც ტექსტობრივი, ასევე, ვიზუალური თუ ხმოვანი ფორმატით გაავრცელოს. ამბები, რომლებიც, კრემლის სურვილით, სოციალურ ქსელებსა და სხვა საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება, ძირითადად, გამოგონილია – დამახინჯებული ფაქტებითა და არასწორი ინტერპრეტაციით – რაც ხშირად ამა თუ იმ საკითხის საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯას მოიცავს. ამასთან, ეს პროპაგანდა, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული ყველა კრიტიკის უგულებელყოფას ცდილობს და მათ არსებობას დასავლეთის „ორმაგ სტანდარტებს“ მიაწერს.

 ამ ყველაფრის პარალელურად, 2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, რომელიც გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედიასაშუალებების პოზიციების გაძლიერებას და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მთელ რიგ პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდებას ისახავს მიზნად.

 რაც შეეხება იმ კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც კრემლის პროპაგანდას უშუალოდ საქართველოსთან აკავშირებს, ეს, როგორც უკვე ვთქვით, ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა (მაგალითად, ევროკავშირისა და NATO-ს დისკრედიტაციით, კრემლს სურს, დააკნინოს ამ ორგანიზაციებთან და მათთან დაკავშირებულ ქვეყნებთან გაიგივებული ღირებულებები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ.). ამასთანავე, ცხადია, რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის შეფერხება და კრემლის მიერ წარმოებული პოლიტიკის პოპულარობის გაზრდა. მნიშვნელოვანი ფაქტორია შეთქმულების თეორიებიც, რომელთა მეშვეობითაც, კრემლი საზოგადოებაში შიშის, გაურკვევლობისა და სიძულვილის დანერგვას ცდილობს.

რა მოხდა 2008 წელს?

 რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული 2008 წლის ჰიბრიდული ომი უნიკალური შემთხვევაა, რადგან მაშინ, სამხედრო მოქმედებების ისტორიაში პირველად, ერთ-ერთმა მხარემ მასიური ჰაკერული თავდასხმა განახორციელა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ფინანსური დაწესებულებების სერვერებზე. რუსული კიბერბლოკადა  ფართომასშტაბიან  სამხედრო ქმედებებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო.

 ომის ტექნოლოგიური ნაწილი და კიბერთავდასხმები არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ეფექტზე იყო გათვლილი, არამედ მას ტექნიკური დანიშნულებაც ჰქონდა. რუსეთის მიზანი დროის მოცემულ მონაკვეთში ხალხში პანიკის დათესვა და ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა იყო. მათ სურდათ, რომ ერთადერთი ინფორმაცია, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მიიღებდნენ, ყალბი და რუსული ნარატივით გაჯერებული ყოფილიყო. ამ შედეგის მისაღწევად ჰაკტივისტები საგანგებოდ იყვნენ მომზადებულნი.

 კიბერშეტევას 100-ზე მეტი ქართული და მიმდინარე პროცესებში საქართველოსადმი ლოიალურად განწყობილი უცხოური ვებგვერდი ემსხვერპლა. მიმდინარეობდა Ddos (შეტევის მეთოდი, როდესაც თავდამსხმელი ქსელის ინფორმაციით გადატვირთვას და შედეგად, მისი მწყობრიდან გამოსვლას ცდილობს. ნებისმიერ ვებგვერდზე შესვლისას ჩვენ მის მისამართს ბრაუზერში ვწერთ და ვაწვებით Enter ღილაკს. ამ დროს მოცემული საიტის სერვერზე გვერდის გახსნის მოთხოვნა იგზავნება. სერვერს ერთდროულად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მოთხოვნის მიღება შეუძლია. შესაბამისად, თუ მოთხოვნა გადაჭარბებული იქნება, ვებგვერდის გახსნა შეუძლებელი გახდება.) და Defacement (როდესაც ვებგვერდს სახეს უცვლიან, ათავსებენ სასურველ ფოტოებს, წერენ სასურველ ლოზუნგებს და ა.შ. ) შეტევები.

 აგვისტომდე, ჯერ კიდევ 20 ივლისს ორგანიზაცია Shadowserver Foundation-მა, ქსელში მონიტორინგის წარმოებისას, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე DDoS შეტევების სერია აღმოაჩინა. შედეგად, დაახლოებით, 24 საათის განმავლობაში პრეზიდენტის ვებგვერდი გამორთული იყო. ეს შეტევები, კვალის ასაბნევად, აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე სერვერებიდან ხორციელდებოდა (რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კიბერთავდასხმა გლობალური საფრთხეა და მას საზღვრები არ გააჩნია). DDoS შეტევებმა პიკს 8 აგვისტოს მიაღწია. ამ დღეს Shadowserver-მა პირველად დააფიქსირა ექვსი სხვადასხვა ბოტქსელის შეტევები, რომლებიც საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებისა და მედიასაშულებების საიტების წინააღმდეგ იყო მიმართული. შეტევის ინტენსივობა კონფლიქტის ესკალაციის მიხედვით იმატებდა.

 შედეგად, გარკვეული დროით ფუნქციონირება შეწყვიტა: პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო სამინისტროს საიტებმა, ასევე, გაითიშა ეროვნული ბანკისა და არაერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი.

 სოლიდარობის ნიშნად, პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ საკუთარი ვებგვერდი დაუთმო საქართველოს მთავრობას პრესრელიზების განსათავსებლად. მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ესტონეთმაც. კერძოდ, მათ საკუთარ სერვერებზე განათავსეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი და საქართველოში გამოგზავნეს ინფორმაციული სფეროს უსაფრთხოების ორი სპეციალისტი.

 ბელარუსელი ექსპერტის, ევგენი მოროზოვის დასკვნით, შეტევის კოორდინირება ჰაკერულ ფორუმ StopGeorgia.ru-ზე მიმდინარეობდა, რუსული ჯარების ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოჭრიდან რამდენიმე საათში. საიტზე განთავსებული იყო სამიზნე ვებგვერდები, რომელთა სიაც მუდამ ახლდებოდა. იქვე დეტალური ინსტრუქციებიც იყო განთავსებული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ ვებგვერდის „გატეხვის“ მსურველები. შეტევა წინასწარ და კარგად ორგანიზებული იყო, რადგანაც ამდენი ვებგვერდის შესწავლასა და  საჭირო მასალის მოგროვებას რამდენიმე კვირა მაინც სჭირდებოდა. ამისთვის ვებგვერდზე მუშაობა და მისი სისუსტეების აღმოჩენა იყო საჭირო.

 შეტევები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა მანამ, სანამ საქართველომ, ზედმეტი რისკების თავიდან ასაცილებლად, ინტერნეტის გარე არხები გათიშა. საქართველოს ე.წ. offline-ში გაყვანით, რუსმა ჰაკერებმა ინტერნეტსივრცეში სრული უპირატესობა მოიპოვეს. ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში რუსულმა მედიასაშუალებებმა ამით ისარგებლეს და საბრძოლო მოქმედებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს: თითქოს, საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ „მძინარე ცხინვალს“, გაანადგურეს ოსი ეროვნების ათასობით მოქალაქე და რუსეთის შეიარაღებული ძალები სწორედ ამ „ეთნიკური წმენდის“ შესაჩერებლად ჩაერთნენ მიმდინარე პროცესში.

რა ვითარებაა დღეს?

 რუსეთის მიერ მართული მრავალმხრივი საინფორმაციო პროპაგანდა საქართველოში დღესაც გრძელდება. გრძელდება კიბერთავდასხმებიც, რომლებიც, თვისობრივად, იმავე მიზნებს ემსახურება. კრემლის მხარდაჭერილი ჰაკერული დაჯგუფებები აფართოებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ცდილობენ, გაზარდონ კრემლის გავლენა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე კონკრეტულად, საქართველოში. 2008 წელს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს უკეთ დაანახა კიბერუსაფრთხოების როლი თანამედროვე სამყაროში და სახელმწიფომ კიბერუსაფრთხოების სფეროს ეტაპობრივი განვითარება დაიწყო. შემდეგ წლებში შემუშავებულ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებში საქართველოს მთავარ საფრთხედ სწორედ რუსეთი და კრემლის მიერ მხარდაჭერილი კიბერაქტივობები განისაზღვრა.

 რუსეთი, როგორც მსოფლიო კიბერსივრცის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, ინფორმაციას ძალაუფლების წყაროდ მოიაზრებს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებობენ საიდუმლო ქვედანაყოფები, რომლებიც არა მხოლოდ თავდაცვის მიმართულებით მუშაობენ, არამედ თვითონ ესხმიან თავს კრემლის სამიზნეებს. შესაბამისად, ეს სფერო სპეციალური სამსახურების მიერ კონტროლდება. ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე კონფლიქტების გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ იმ ტერიტორიებს, სადაც კონფლიქტური ვითარებაა, კრემლი ერთგვარ პოლიგონად განიხილავს და იქ საკუთარ კიბერშესაძლებლობებს ცდის. ბუნებრივია, რომ საქართველო, ამ მხრივ, მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

 საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბოლო ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში (დამტკიცებულია 2017 წელს) აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას არ შეუცვლია საკუთარი აგრესიული პოლიტიკა და მან მნიშვნელოვნად აამაღლა საკუთარი კიბერშეტევითი შესაძლებლობები. ამასთან, 2008 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს დამოკიდებულება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, რაც პოტენციური კიბერთავდასხმების შემთხვევაში, ზრდის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბებს.

 თავის მხრივ, საქართველოსთვის, ამავე დოკუმენტის თანახმად, საფრთხეების მაქსიმალური პრევენციისთვის, შემდეგი 5 მიმართულება გახდა პრიორიტეტი:

  1. კვლევა და ანალიზი (რაც გულისხმობს არა მხოლოდ არსებული რეალობისა და შესაძლებლობების ანალიზს, არამედ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას, რეგიონის პრობლემატიკის შესწავლას, კიბერუსაფრთხობის განმსაზღვრელი სტანდარტების შემუშავებას და რისკების განსაზღვრას.);
  2. სამართლებრივი ბაზის შემუშავება და სრულყოფა;
  3. კიბერუსაფრთხოების სფროში შესაძლებლობების ამაღლება;
  4. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება;
  5. საერთაშორისო თანამშრომლობა.

 ამ პუნქტებიდან განსაკუთრებით ყურადსაღები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. საჭირო ცოდნითა და ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ზოგადი, მარტივი წესების, ანუ ე.წ. კიბერჰიგიენის დაცვით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში და მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთის მიერ წარმოებული როგორც გრძელვადიანი პროპაგანდის მავნე ზეგავლენა, ასევე, კონკრეტულ შემთხვევებში, არ წამოეგოს იმ „ინტერნეტხაფანგებზე“, რომელთაც რუსი ჰაკტივისტები სოციალურ ქსელებსა თუ სხვა სივრცეებში აქტიურად ავრცელებენ.

ქეთევან ხოსიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები