ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსული ინფექციის გავრცელების შემდეგ, მაიმუნის ყვავილმა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ბურუნდიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კენიასა და რუანდაშიც მიაღწია.
აღნიშნული ვირუსული ინფექციის გავრცელების გამო, სამშაბათს, 13 აგვისტოს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.
„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ახლო კონტაქტით. ის ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმით, იშვიათ შემთხვევებში კი ფატალური შედეგით მთავრდება. გარდა ამისა, მაიმუნის ყვავილი გრიპის მსგავს სიმპტომებს და სხეულზე ჩირქით სავსე დაზიანებებს იწვევს.