უკრაინის ჯარების ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის კონტროლის ქვეშ უკვე 74 დასახლებაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა.
მისი თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
„რთული, ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის ოლქში ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის გაცვლითი ფონდი ივსება. უკრაინის კონტროლის ქვეშ 74 დასახლებაა. იქ ტარდება შემოწმება და სტაბილიზაციის ღონისძიებები. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ მოხსენების შემდეგ.