ბანგლადეშის პოლიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით საქმის გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საქმე ეხება გასულ თვეს ქვეყანაში, დედაქალაქ დაკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ერთ-ერთი ახალგაზრდის მკვლელობას. ჰასინას გარდა საქმეში წინა მთავრობის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.
ცნობისთვის, ბანგლადეშში ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაპირისპირებას დაახლოებით 400 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა პოლიციის მიერაა მოკლული. მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება. აქციების ფონზე ბანგლადეშის პრემიერი გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. მან თავი ინდოეთს შეაფარა.