გორში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა
გორში, სუხიშვილის ქუჩა #14 – ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ჩაუტარდა (სუხიშვილის ქუჩა #14, რომელაშვილების ქუჩა #179, რომელაშვილების ქუჩა #176, შინდისის გმირების გამზირი #22).
სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება , სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მუნიციპალიტეტი სრულად (100%) აფინანსებს.
პროექტის საერთო ღირებულების 90% – იანი თანადაფინანსების შემთხვევაში თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.
პროგრამა მოქალაქეებს მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.