კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოლიმპიადის მონაწილე ძიუდოისტებს მადლობას უხდის
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოლიმპიადის მონაწილე ყველა ქართველ ძიუდოისტს შესანიშნავი, დასამახსოვრებელი ასპარეზობისთვის მადლობას უხდის.
სამინისტრო პარიზის ოლიმპიადაზე სპორტსმენების ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის ოლიმპიადაზე სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მიიღეს, ლაშა ბექაურმა კი ზედიზედ მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოპოვება. ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა. სპორტსმენებმა ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად დაუღალავად იშრომეს და ოლიმპიადამდე სხვადასხვა ტურნირზე საქართველოს არაერთი გამარჯვება მოუტანეს. მათ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართული შეუდრეკელი, მებრძოლი სული და დაამტკიცეს, რომ ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესები არიან. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოლიმპიადის მონაწილე ყველა ქართველ ძიუდოისტს შესანიშნავი, დასამახსოვრებელი ასპარეზობისთვის მადლობას უხდის, მედალოსნებს კი ულოცავს და საქართველოს სასახელოდ კვლავ არაერთ ბრწყინვალე გამარჯვებას უსურვებს. გვსურს ასევე მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, სამწვრთნელო შტაბს, მწვრთნელებს, ექიმებს, რომ არა მათი მუხლჩაუხრელი მუშაობა დღეს ქართული ძიუდო განვითარების ასეთ მაღალ საფეხურზე ვერ იქნებოდა, მადლობას ვუხდით ასევე თითოეულ ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ამხნევებდა ჩვენს ძიუდოისტებს და მათ გამარჯვების ძალასა და მოტივაციას აძლევდა”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში.