შსს: პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, 200 პირს შესაძლებლობა ექნება ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 200 პირს შესაძლებლობა ექნება ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში.
“სტაჟირების მსურველებს განაცხადის წარდგენა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია.
ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული – https://hr.gov.ge/?vacancyNum=47“, – ნათქვამია ინფორმაციაში.