გიორგი ცუცქირიძე: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დღევანდელი განცხადება რეალობის შელამაზების მცდელობაზე და „დიიფ ფეიკზეა“ აგებული
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ცუცქირიძე წერს, აღნიშნული განცხადება მთლიანად რეალობის შელამაზების მცდელობაზე და „დიიფ ფეიკზე“, ქართულად მამალ ტყუილზეა აგებული.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დღევანდელ განცხადებას მსურს გამოვეხმაურო, რადგან მთლიანად რეალობის შელამაზების მცდელობაზე და „დიიფ ფეიკზე“, ქართულად მამალ ტყუილზეა აგებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსორციუმმა თურმე იმიტომ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა, რადგან „გვქონდა ფიდუციალური ვალდებულება დაგვეცვა ინვესტორთა ინტერესები“.
ვფიქრობ, ცინიზმის ამაზე დიდი განზომილება ძნელად მოსაძიებელია, რადგან ამ დროს კონსორციუმი, საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის გაწყვეტის გამო, აღებული ვალდებულებების ვერ შესრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობისაგან ითხოვდა არც მეტი და არც ნაკლები – მილიარდ ნახევარ აშშ დოლარს, როდესაც 2016-2020 წლებში, სულ დახარჯული ჰქონდა 80 მილიონი აშშ დოლარი!
კიდევ უფრო ამაზრზენია თავად ხაზარაძის წუხილი პროექტის შეჩერების გამო ათასობით დაკარგულ სამუშაო ადგილზე, თუ წარმოვიდგენთ, რომ დავის მოგების შემთხვევაში მთავრობას ბიუჯეტის 25 %-ზე მეტის გადახდა მოუწევდა, რაც არა თუ ათასობით, არამედ ასი ათასობით ადამიანს დააზარალებდა, სოციალური პროექტების შემცირების და გადავადების გამო.
რადგან ამ საკითხზე არაერთი დებატი მქონია კონსორციუმის წარმომადგენლებთან, თავს უფლებას მივცემ ამ საქმიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი და თქვენთვისაც საინტერესო დეტალი გამოვყო:
პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადგინდა, რომ სრული სიცრუე იყო, რომ პროექტი შეჩერდა სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელის შეშლის გამო, რასაც ამ წლების მანძილზე ბატონი ხაზარაძე გვიმტკიცებდა. მიმდინარე წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მიუხედავად საქართველოს მთავრობის მხრიდან 2016-2020 წლებში დადგენილი ვადების არაერთგზის გადავადებისა (შევნიშნავ, რომ პროექტი 6 ჯერ გადავადდა), პროექტის დაფინანსების ვალდებულება მთლიანად ეკისრებოდა ინვესტორს, რაც მან ვერ შეძლო, ხოლო მთავრობას ხელი არ შეუშლია, არც პირდაპირ და არც ირიბად პროექტის განხორციელებაში!
შესაბამისად მოთხოვნა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარყოფილი იქნა და აქეთ დაეკისრა კონსორციუმს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება.
როდესაც კონსორციუმი 80 მილიონიან საინვესტიციო დაფინანსებაზე აკეთებს აქცენტს, რატომღაც ავიწყდებათ, რომ გარდა პროექტის ვადების 6 ჯერ გადაწევისა, სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმა არ დააკისრა, რაც წესით თავისუფლად შეეძლო.
ამასთან, უპრეცედენტო იყო საქართველოს მთავრობის პროექტის მხარდაჭერა როდესაც ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე 40-მდე ცვლილება შევიდა თავდაპირველ ხელშეკრულებაში. იგივე უნდა ითქვას, საერთაშორისო ბანკების მხრიდან წამოყენებულ 8-პუნქტიან მოთხოვნაში 400 მილიონიანი კრედიტის გამოყოფაზე, როდესაც მთავრობა, პრაქტიკულად ყველა პირობას დათანხმდა, რაც აუცილებელი იყო პროექტის პირველი ფაზის დასახურად. მათ შორის, მთავრობის პასუხისმგებლობას გაეცა კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში, პორტის განვითარების ფაზებისთვის არ ყოფილიყო დაწესებული ვადები, და რაც მთავარია სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ „ოქროს აქციაზე“, რაც გადაწყვეტილებების მიღების ტოლფასია, დაწესებულიყო შეზღუდვები.
ამასთან, მთავრობა სავსებით სწორად მოიქცა, როდესაც არ დათანხმდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, თუ პორტი ვერ გავიდოდა საჭირო სიმძლავრეებზე, რადგან სახელმწიფო არ უნდა აზღვევდეს ტვირთბრუნვის რისკს ანუ, სხვაობას რაც დააკლდებოდა კონსორციუმს სესხის დასაფარად.
იგივე ეხება მე-8 პუნქტსაც, რაც 400 მილიონიანი სესხის სრულად უზრუნველყოფას მოითხოვდა, რაც ნიშნავს build-operate-transfer კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში 400 მილიონის გადახდას სახელმწიფოს მხრიდან! და რაზეა საუბარი, როდესაც კონსორციუმმა ვერ უზრუნველყო 120 მილიონი დოლარის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი დოკუმენტის შესრულება!
წლების მანძილზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდების გამო, ბატონი ხაზარაძე წუხილს კი არ უნდა გამოხატავდეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო, პირიქით, საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდეს ამ ყველაფერზე, ხოლო პოლიტიკაში ამის მწარე შედეგს 26 ოქტომბერს თავად იხილავს!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.