ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.

მათივე ცნობით, ფინალამდე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს სძლია, ნახევარფინალი კი სამხრეთ კორეელ ჯონჰვან ლის მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – მან მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები