სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ თუ კიევი „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, სლოვაკეთი უკრაინას დიზელის მიწოდებას შეუწყვეტს, – ამის შესახებ ფიცომ უკრაინის ელჩთან მიროსლავ კასტრანთან შეხვედრისას განაცხადა.
„თუ უახლოეს დროში უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი არ განახლდება, Slovnaft-ი არ გააგრძელებს უკრაინაში დიზელის საწვავის მიწოდებას, რომელიც ფარავს უკრაინული მოხმარების მეათედ ნაწილს“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, რუსული ნავთობის მიწოდების განახლება „ტექნიკურ გადაწყვეტილებას“ უკავშირდება.
„ევროკავშირს თუ სურს აშშ-ის ტოტალური გავლენიდან გამოსვლა, უნდა დაფიქრდეს რუსეთთან თანამშრომლობის ფორმებზე, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს თანამშრომლობას სტრატეგიული ნედლეულის სფეროში“, – აღნიშნა სლოვაკეთის ლიდერმა.