ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – თედო რაზიკაშვილის დაბადებიდან 155 წელი გავიდა

ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თედო რაზიკაშვილის, დაბადებიდან 155 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს თედო რაზიკაშვილის ღვაწლსა და ხსოვნას.
თედო რაზიკაშვილი 1869 წელს ჩარგალში, სოფლის მღვდლის, პავლე რაზიკაშვილის, ოჯახში დაიბადა. ის ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა იყო. დაწყებითი განათლება ჩარგლის სკოლაში მიიღო, 1989 წელს კი გორის საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია დაამთავრა. ვაჟა-ფშაველას სურდა, უმცროსი ძმა გარდაცვლილი მამის ნაცვლად მღვდლობას შესდგომოდა, მაგრამ თედო რაზიკაშვილმა მასწავლებლობა არჩია. იგი გორთან ახლომდებარე სოფელ ხელთუბანში ასწავლიდა, სადაც დაოჯახდა და დამკვიდრდა კიდეც.
თედო რაზიკაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ ფოლკლორისტიკაში. მან 3 000-ზე მეტი ლექსი, ასობით ზღაპარი და ლეგენდა შეკრიბა, შეადგინა ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი, რომელიც 1900 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა.
თედო რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები 1890 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ხალხოსნებით გატაცების მიუხედავად, მის შემოქმედება მაინც ილია ჭავჭავაძის იდეებით არის განმსჭვალული. მწერალს განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა საბავშვო მოთხრობებმა, რომლებიც მკითხველის გულს ადვილად იპყრობს პატრიოტიზმით, ჰუმანიზმით, ადამიანური თანაგრძნობით, გულწრფელობითა და ხატოვანი თხრობით.
მნიშვნელოვანია თედო რაზიკაშვილის საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. 1910 წელს მის სახლში გაიმართა შეკრება და დაფუძნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილება. თედო რაზიკაშვილი 1915 წლამდე ამ განყოფილების აქტიური წევრი იყო, მომდევნო წლებში კი მის ირგვლივ მოვლენები დრამატულად განვითარდა, რაც იმით დამთავრდა, რომ 1922 წელს ყაჩაღებმა ვერაგულად მოკლეს.
თედო რაზიკაშვილი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები