ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა.
“ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: “ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს”. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, პრემიერმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების – მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების – ხორცშესხმაში.
“ჩვენი ისტორია და ღირებულებები ჩვენი სიძლიერეა, რომლებიც, ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უნიკალური რამ შევთავაზოთ მსოფლიოს და ვიყოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა. ჩვენს საზღვრებს გარეთ კი ჩვენი მიზანია შევიტანოთ წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, როგორც მიმწოდებელმა და არა მომხმარებელმა ქვეყანამ. ჩემი ქვეყნის გადაწყვეტილება, იყოს მსოფლიო უსაფრთხოებაში “წვლილის შემტანი”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი მისწრაფებებიდან გამომდინარე, უკვე ნათელია. და ეს არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენი. ბოლო ორი წლის მიღწევების წყალობით, ჩემს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც განამტკიცებს ნატო-ში ჩვენს საბოლოოდ გაწევრიანების გზას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები