ევროსაბჭოს ექსპერტები ქართულ მხარეს ფარული მოსმენა-მიყურადებისას ე.წ. ორგასაღებიან სისტემას სთავაზობენ

ევროსაბჭოს ექსპერტები ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფს ურჩევენ, თუ ფარული მოსმენა-მიყურადების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, კერძო პროვაიდერს ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს მეორე გასაღები გადაეცეს. მათი შეფასებით, ამგვარი მექანიზმი უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად უზრუნველყოფს.
“ერთგასაღებიანი სისტემა მისაღები არ არის. ჩვენი რჩევაა, იყოს ერთზე მეტი გასაღები. მეორე გასაღები უნდა იყოს სხვის ხელში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე – მართლაც, გაიცა თუ არა. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი, სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, სადაც მეორე გასაღები შეინახება”, – განაცხადა ჯოზეფ კანატაჩიმ პარლამენტში გამართული ორდღიანი შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მათი წინადადების მიხედვით, არც ერთი გასაღები დამოუკიდებლად არ იმოქმედებს – სისტემაში შესვლისას და მოსმენაზე ჩართვისას, ორივე გასაღები უნდა ამოქმედდეს. გარდა ამისა, ევროსაბჭოს ექსპერტების ცნობით, დებატების კიდევ ერთი საგანი ე.წ. შავ ყუთებს და მისი არსებობის საჭიროებას ეხება. მათი თქმით, შეიძლება არსებობდეს შავი ყუთიც და გასაღებებიც და შეიძლება იყოს გასაღების სისტემა შავი ყუთის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება ამ საქმეში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორების საზედამხედველო როლის გაძლიერებაში მდგომარეობს. შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, უნდა მოხდეს ყველა ინფორმაციის ინსპექტორისთვის გადაცემა და მას პროცესის გაკონტროლების და ზედამხედველობის შესაძლებობა მიეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები