ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში

“საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ამ ახალმა ეტაპმა გარდამტეხი ასახვა ჰპოვა ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე გაეროს რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ, მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებები და დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ ტურნირს წარმატებით ჩავატარებთ და ჩვენს გუნდებსაც შესაბამისი შედეგები ექნებათ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები