ვიქტორ ორბანი: მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, ეფიქრა იმაზე, შეიძლება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ეს მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესთავაზა.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების, უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.

„ბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ მისი ინიციატივები დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს ეფიქრა, შეიძლება თუ არა სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ამ მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა“, – აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკუთარ გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.

„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს. ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე, იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ინიციატივების მიღება დაჟინებით არ მოუთხოვია და უკრაინის არგუმენტები მოისმინა.

„ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის, ამ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი აზრისთვის“, – აღნიშნა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები