„ფარულ მოსმენაზე გარე კონტროლის მექანიზმი აუცილებლად უნდა არსებობდეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპული წინააღმდეგია, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას ფარული მოსმენების გასაღები ოპერატორი კომპანიების ხელში გადავიდეს. შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ეს აჩენს საფრთხეებს, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების მიმართულებით.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე ამბობდა და დღესაც ვიმეორებთ, რომ ფარულ მოსმენა – მიყურადების პროცესზე გარე კონტროლის მექანიზმი აუცილებლად უნდა არსებობდეს. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევიმუშავეთ გარკვეული მექანიზმი, თუ როგორ განხორციელდეს გარე კონტროლი, რაც, სხვათა შორის, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის მოთხოვნებს პასუხობს. უნდა გაძლიერდეს პერსონალური მონაცემების ინსპექტორების საზედამხედველო როლი. გარე კონტროლის მექანიზმი ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში ყველა ინფორმაციის გადაცემას ინსპექტორისათვის. შესაბამისად, ჩნდება ინსპექტორის მიერ პროცესის გაკონტროლებისა და ზედამხედველობის შესაძლებობა. მას მიეწოდება მოსამართლის განჩინება და პროკურატურის დადგენილება ყველა კანონით განხორციელებულ ოპერატიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ფარული მიყურადება ხორციელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები