პატრიარქი: საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისია

საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში სომეხთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
საპატრიარქოში შეხვედრას პოეტი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომეხთა კავშირის, ასევე საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათა შორის ურთიერთობების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობების გამყარებაზე და კეთილგანწყობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
როგორც პატრიარქმა გაიხსენა, როდესაც რომის პაპმა საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ნახა და აღნიშნა, რომ ისინი არიან ქრისტიანული ოაზისი. უწმინდესის თქმით, საქართველო და სომხეთი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ. “ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან რთულია. სომხეთი და საქართველო ეს არის ოაზისი მუსლიმურ სამყაროში. მახსენდება ჩემი შეხვედრა რომის პაპთან ვატიკანში. მან გადმოიღო ატლასი და საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ნახა. მითხრა, თუ როგორი რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოსა და სომხეთს, რომ ისინი არიან ქრისტიანული ოაზისი. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როცა ესა თუ ის წარმომადგენელი ჩვენი ერის, ეს იქნება ქართველი თუ სომეხი, რომელიც ისეთ განცხადებებს გააკეთებს, რომელიც ავნებს ჩვენს ურთიერთობებს”, – აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქმა საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტი და მასთან საუბრის დეტალებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, მან მიმართა გარეგინ მეორეს, რომ სომხეთიდან საქართველოს მიმართ გაერო-ში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ბევრი უარყოფითი წერილები იგზავნება. “მე ვუთხარი მას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ვწერდეთ ერთმანეთზე. მიუხედავად ამისა, საქართველო არ დაწერს არავითარ უარყოფითს საერთაშორისო ორგანოზაციებში. ასე, რომ მე თქვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ გესმით რას ნიშნავს ჩვენი სიახლოვე. როცა კარგად იყო საქართველო, კარგად იყო სომხეთიც და პირიქით, როცა ცუდად იყო საქართველო, ცუდად იყო სომხეთიც. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობებს. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები ამას კარგად გრძნობენ, მე მადლობელი ამ ყურადღებისა და გაგებისათვის”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს პატრიარქმა. ამასთან, შეხვედრაზე მყოფმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს ტკივილი მათი ტკივილია. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ერთად ნებისმიერ პრობლემებს გადალახავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები