შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ

ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, რა რეაგირებას ელოდება დასავლეთისგან ხელისუფლება იმ პროცესების შემდეგ, რაც საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ახლდა.

„ვფიქრობ, ნელ-ნელა გარკვეული ემოციები დაცხრება და ყველა გააანალიზებს, რომ ყველა ქვეყნის უფლებაა, იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენს ტყავში. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ქართველებმა რა არის ჩვენი რისკები და გამოწვევები. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური ქოლგა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ამ ქოლგით არც არავინ გვფარავს, ახლო მომავალში არც არავინ დაგვფარავს. თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ [სიტუაცია], ჯერ ჩვენს ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომებიც უნდა ჰქონდეთ გამოვლილი და ის გამოწვევებიც, რომლებიც ჩვენ რეგიონში ჩვენნაირ ქვეყანას აქვს. ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები