მაჭარაშვილი – ოპოზიციას: ერთი დღე აქვთ, რომ ოფისებიდან ჩამოხსნან ლგბტ დროშა და ეროვნული დროშა დაკიდონ
“საქართველოს მიმართ თუ ერთნაირსქესიანთა დაკანონებასთან დაკავშირებით აქამდე საჯარო განცხადებები და ზეწოლა იყო, ახლა უკვე ვენეციის კომისიის ოფიციალური დოკუმენტია დასკვნის სახით, სადაც პირდაპირ ითხოვენ, რომ საქართველოში კონსტიტუციიდან ქალისა და მამაკაცის ოჯახის ცნება წავშალოთ და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ეს არის გულსატკენი, რადგან საერთაშორისო ინსტიტუცია გადაიქცა ლგბტ პროპაგანდის მექანიზმად. მეორე მხრივ, ამ კომისიას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ პრაქტიკულად, წინასაარჩევნოდ წყალგამყოფი დააყენა და 26 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებს ან ლგბტ საქართველო, ან ტრადიციული საქართველო, მშვიდობა ან ომი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აქამდეც ლგბტ დროშა ეკავათ ხელში და მხარს უჭერდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ ერთი დღე აქვთ, რომ თავიანთი ოფისებიდან ჩამოხსნან ლგბტ დროშა და ეროვნული დროშა დაკიდონ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.