როგორია უსაფრთხოების წესები ტყეში და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ხანძრის რისკები – „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ განმარტება

როგორია უსაფრთხოების წესები ტყეში და რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ტყეში ხანძრის რისკების თავიდან ასარიდებლად – ამ საკითხებთან დაკავშირებით „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით დამენიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ზაფხულის სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად, ამა თუ იმ ტერიტორიაზე ხანძრის რისკები აქტიურდება. როცა ტყეში გადავადგილდებით, მას რეკრეაციული დანიშნულებით ვიყენებთ: პირველ რიგში, კოცონი ისეთ ადგილას უნდა დავანთოთ, რომ ცეცხლის მარტივად გავრცელება არ გამოიწვიოს, სხვა ტერიტორიაზე არ უნდა გადავიდეს. კოცონის ჩაქრობას ბოლომდე უნდა დაველოდოთ, დავაკვირდეთ, რომ ნაკვერჩხალი არ დარჩეს. ჩვენ მიერ ტყეში დატოვებული ნარჩენები მნიშვნელოვანი ადამიანური ფაქტორია, იგივე მინის ბოთლები, რომელიც ე.წ. ლინზის ეფექტს ქმნის და ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი წყაროა. ასევე საყურადღებოა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა მარტივად აალებადი ნარჩენი, რომელიც, შეიძლება, ტყეში დავტოვოთ. ასეთი ფაქტები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ასევე გასათვალისწინებელია ის ადგილები, სადაც შესაძლებელია, ცეცხლის დანთება აკრძალული იყოს. კერძოდ, ცეცხლი ისეთ ადგილებში არ უნდა დავანთოთ, რომელიც წლების მანძილზე ნახანძრალი ტერიტორია იყო, ასევე ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ხე-ტყის ჭრის შედეგად დიდი ოდენობით ხმელი ნარჩენია აკუმულირებული . კოცონის გარშემო ტერიტორია, დაახლოებით, მეტრ-ნახევრის მანძილზე უნდა მოვასუფთაოთ , არ უნდა იყო მარტივად აალებადი ფიჩხები , ხმელი ბალახი ან სხვა მარტივად აალებადი ნივთი” – განაცხადა დავით დამენიამ.

მანვე განმარტა, რა ტიპის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის დროს.

„პასუხისმგებლობა ორ მიმართულებად შეგვიძლია, გავყოთ. ერთი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსი, რომელიც ფულად სანქციას აწესებს, 300-დან 500- ლარამდე ოდენობით. თუ დიდი მასშტაბის ზიანი დადგა, ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, 4-დან 8 წლამდე პატიმრობა” – განაცხადა დამენიამ.

მისივე თქმით, წელს, ამ ეტაპზე, ტყის ხანძრის ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.

“წელს ხანძრის ძალიან მცირე მასშტაბის, ერთეული შემთხვევები იყო. საბედნიეროდ, ამინდებმაც შეგვიწყო ხელი, ივნისამდე ნალექიანი პერიოდი იყო, ხანძრის აქტიური კერები, ფაქტობრივად, არ იყო. იმედი გვაქვს , ასეც გაგრძელდება, დიდი მასშტაბის გავრცელების არეალი არ გვექნება და ზოგადად, ხანძრები შემცირებული იქნება. წელს რაჭაში იყო მცირე მასშტაბის, რომელიც ერთ დღეშივე იქნა ლოკალიზებული, ასევე იმერეთში იყო და იქაც ერთ დღეში იქნა ლოკალიზებული. ამას განსაკუთრებული დიდი ზიანი არ მოჰყოლია. ხმელ ბალახზე გაჩენილი ცეცხლი იყო, ხეებს არ გადასდებია.
სამწუხაროდ, ტყის ხანძრების ძირითად მიზეზად ადამიანური ფაქტორი რჩება: რაც ჩამოვთვალეთ ის ფაქტობრივი გარემოებები , კოცონის უყურადღებოდ დატოვება, როცა ბოლომდე ჩაქრობას არ ველოდებით, ასევე არის ისეთი ფაქტორები , როცა სეზონზე გლეხების მიერ სასოფლო – სამეურნეო სავარგულების გადაწვა ხდება, ამ დროს ხშირია შემთხვევები, როცა ცეცხლი ტყეში გადადის. საბოლოო ჯამში, საკმაოდ მძიმე ეკოლოგიურ შედეგს ვიღებთ “,- განაცხადა დამენიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები