ოზურგეთის რაიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გურიასა და აჭარაში, სტიქიის ზონებში დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
გუშინ, ოზურგეთის რაიონში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბჟუჟამ დააზიანა საავტომობილო გზა, რის გამოც აკრძალულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი). მოძრაობა ხორციელდება შემოვლითი გზის საშუალებით. დღეს დილიდან ოზურგეთის რაიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახლდა, ადგილზე იმყოფება საპროექტო ორგანიზაციაც, რომელმაც პარალელურ რეჟიმში პროექტირება დაიწყო. ნახევარკილომეტრიანი დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. უკვე მეოთხე დღეა სტიქიის ზონებში იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, ისინი სიტუაციას ადგილზე ეცნობიან, რათა ოპერატიულად მოხდეს ყველა საჭირო რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები