ილია დარჩიაშვილი: გვინდა, თითოეული ელჩი ინფორმირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობებად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია

გვინდა, რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არის ქვეყანაში, რომელი გამოწვევებიც აქვს ქვეყანას და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში ამბასადორიალის შემდეგ განუცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„გერმანია არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის  ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მობილიზება შევძელით ევროკავშირის წევრი სხვადასხვა  ქვეყნებიდან, გერმანია იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მათგანი. ჩვენ შარშან ელჩების კონფერენცია ჩავატარეთ ბერლინში, სადაც ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადავდგათ მომავალში ევროინტეგრაციის წარმატებით განხორციელების საქმეში. წელსაც გაგრძელდა ეს ტრადიცია, სიმბოლური ჟესტიც არის ჩვენი მხრიდან მსგავსი ტიპის კონსულტაციები  ქართველ ელჩებთან სწორედ ბერლინში. მოხარული ვართ, რომ წლევანდელი ღონისძიება სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ჩატარდა. ჩვენ ტრადიციულად ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცალსახაა. გვინდა, რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არის ქვეყანაში, რომელი გამოწვევებიც აქვს ქვეყანას და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობებად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ ამ მიმართულებით. ელჩებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრს დაუსვან კითხვები, მიიღონ პასუხები და ეს არის ძალიან ჯანსაღი, ღია დისკუსია, რომელიც ჩვენი ტრადიციის გაგრძელებაა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები