გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას.

შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი ელენე ცხაკაია, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ კოორდინატორი თამარ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის მიმართულებით გადამზადდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები